“რუსულ კანონის” განხილვას საქართველოს პარლამენტი ორშაბათს, 13 მაისს გააგრძელებს.
10 მაისს ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სხდომაზე იმსჯელებენ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 9 პუნქტზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს. აღნიშნული ცვლილებები კომიტეტმა მე-2 მოსმენით უნდა განიხილოს.
განსახილველი საკითხები იქნება:
-
სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონებში ცვლილებების შეტანის საკითხი;
-
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხი;
-
საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი.
- კომიტეტი სხდომა 09:00 საათზე დაიწყება.
- „გამჭვირვალობის კანონპროექტს კი განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს. ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას.ქრისტე აღდგა! კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!”, – წერს ანრი ოხანაშვილი.
“რუსული კანონი” საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს ორივე კენჭისყრაზე 83-83-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, ვალდებულები იქნებიან, დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
კანონპროექტის განხილვის პარალელურად თბილისა და საქართველოს რეგიონებში ხალხმრავალი საპროტესტო აქციები იმართება.
მორიგი მასშტაბური აქცია 11 მაისს არის დაგეგმილი.
საქართველოს მთავრობას კანონის მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევენ დასავლეთის ქვეყნები. სტრატეგიულ პარტნიორებმა, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ევროკავშირმა კანონის უკან გაწვევა ხელისუფლებას არაერთხელ ურჩია.