აქვს თუ არა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი, ამ დრომდე უცნობია. შესაბამისი დოკუმენტი საჯარო წყაროებში არ იძებნება.
პარლამენტის ვებგვერდზე, ყაველაშვილის ბიოგრაფიული მონაცემებში მისი განათლების შესახებ არაფერია მითითებული. შესაბამისი გრაფა ცარიელია.
2022 წელს დეპუტატის განათლების შესახებ ინფორმაცია პარლამენტიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ გამოითხოვა. მოთხოვნის პასუხად ორგანიზაციას აცნობეს, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.
სწორედ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის უქონლობის გამო ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.
ყაველაშვილი მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრია, ხოლო 2024 წლის არჩევნებში “ქართული ოცნების” სიის მე-18 ნომერი იყო.
მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნა. 2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციატივით პარლამენტში შევიდა „აგენტების კანონი“. მოძრაობა ანტიდასავლური განცხადებებით გამოდიოდა და დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობდა ხელს.