პარლამენტის 84 დეპუტატის საზღვარგარეთ მივლინებებში ბიუჯეტიდან 1.739 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის შეფასებაში მიუთითებს.
მივლინებებით ისარგებლეს და არცთუ ცოტა დახარჯეს იმ დეპუტატებმაც, რომლებსაც მთელი წლის განმავლობაში სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლიათ, ანუ ისინი სხდომებს ან აცდენდნენ, ან მდუმარედ ესწრებოდნენ.
ასეთი სულ პარლამენტის 18 წევრი იყო. აქედან 10 იყო უმრავლესობის (ელგუჯა გოცირიძე, ისკო დასენი, სუმბატ კიურეღიანი, ლევან კობიაშვილი, სამველ მანუკიანი, გოგი მეშველიანი, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ვიქტორ ჯაფარიძე), ხოლო 8 – ოპოზიციის დეპუტატი (გრიგოლ ვაშაძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, ბაჩუკი ქარდავა, ცეზარ ჩოჩელი, დილარ ხაბულიანი).
ფლანგვის დეტექტორის მიერ პარლამენტიდან გამოითხოვილი ინფორმაციის თანახმად, ელგუჯა გოცირიძის საქმიან ვიზიტებზე ბიუჯეტიდან 11 000 ლარი დაიხარჯა.
ისკო დასენმა ბიუჯეტის 3 700 ლარი ბუქარესტში დახარჯა.
ყველაზე მეტი თანხა რამაზ ნიკოლაიშვილის საქმიან ვიზიტებში დაიხარჯა. ის 2022 წლის განმავლობაში ბაქოს, ბუქარესტსა და სტამბოლს ეწვია, რაც ბიუჯეტს 14 500 ლარი დაუჯდა.
გრიგოლ ვაშაძემ მივლინებაში 4 300 ლარი დახარჯა.
სუმბატ კიურეღიანი სომხეთში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით, რისთვისაც 1600 ლარი გამოიყენა.
გოგი მეშველიანის მივლინებებში ფრანკფურტში, პარიზსა და ბერლინში 1900 ლარი დაიხარჯა.
ვიქტორ ჯაფარიძის საქმიან ვიზიტში ყველაზე ნაკლები თანხა დაიხარჯა, ის 180 ლარად გურიაში იმყოფებოდა.
პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან კობა ნაყოფიამ (13 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან –ელისო ბოლქვაძემ (11 გაცდენა);
პარლამენტის 25 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში 68 704.69 ლარი დაექვითა.
NDI-ის 2023 წლის მარტის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 81% პარლამენტის საქმიანობას ცუდად (31%) ან საშუალოდ (50%) აფასებს. ეს მაჩვენებელი წინა გამოკითხვაში, 2022 წლის აგვისტოში, 85% იყო.