ეკონომისტები 2024 წლისთვის ოქროს ფასის $2500-მდე ზრდას ვარაუდობენ, რაც ყველა დროის მაქსიმუმი იქნება.
დეკემბრის კონტრაქტების ფასი კი ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე $1951-მდე გაიზარდა.
გაძვირების მიზეზად ისინი ასახელებენ გლობალური რეცესიის შიშსა და წამყვანი ქვეყნების ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების ზრდის ციკლის დასრულებას.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ $2500-ის ნიშნულს ოქრო 2024 წლის ბოლოსთვის მიაღწევს.
„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში ოქროს $2,500-ად ვიხილავთ”, – თქვა კომპანია Wheaton Precious Metals-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რენდი სმოლვუდმა და ასევე მიუთითა რეცესიის სიგნალებზე, რაც ძვირფასი ლითონის გაძვირების მასტიმულირებელია.
„ვფიქრობ, $2,100-ს ოქრო 2023 წლის ბოლოს ან 2024 წლის დასაწყისში მიაღწევს“, – განაცხადა წამყვანი საინვესტიციო ბანკის – TD Securities-ის მმართველმა დირექტორმა ბარტ მელექმა და დასძინა, რომ მისი პროგნოზი ეფუძნება ვარაუდს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი განაკვეთის ზრდას შეაჩერებს.
ცნობისთვის, მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა ივნისიდან ოქროს შესყიდვები განაახლეს.
ძვირფასი ლითონის რეკორდული ფასი 2020 წლის 7 აგვისტოს დაფიქსირდა –$2,072.5 უნციაზე.