ოქროს ფასმა, პირველად ოქტომბრის შემდეგ, უნციაზე $2000-ს გადააჭარბა.
დღევანდელ, 22 ნოემბრის სავაჭრო სესიაზე ოქრო მკვეთრად გაძვირდა ცენტრალური ბანკების მხრიდან ძვირფას ლითონზე მოთხოვნის გააქტიურების გამო.
ამასთანავე, ინვესტორები იმედოვნებენ, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების ზრდის ციკლი დასრულდება.
დეკემბრის ფიუჩერსები ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე 1,15%-ით გაძვირდა და უნციაზე $2003,1 შეადგინა.
აზიაში ოქროზე დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. ინდოეთმა, ოქროს ერთ-ერთმა უდიდესმა შემსყიდველმა, ოქტომბერში მოსალოდნელზე გაცილებით მეტი ძვირფასი ლითონის იმპორტი განახორციელა.
გარდა ამისა, ფასზე მოქმედებს აშშ-ის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის შემცირება და დოლარის კურსის კლება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში შეიმჩნევა. ოქროს ბაზარი ფიქრობს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის განაკვეთებმა პიკს მიაღწია.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ უნცია ოქროს ღირებულება შეიძლება $2000-ს გადასცდეს.
ოქროს ფასმა მაქსიმუმს – $2089,2-ს 2020 წლის 7 აგვისტოს მიაღწია.