უნცია ოქროს ფასმა ორშაბათს, 4 მარტს, ბოლო 3 თვის მაქსიმუმს, $2100-ს გადააჭარბა და კიდევ განაგრძო ზრდა.
ორშაბათს ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე აპრილის კონტრაქტების ფასი 1,5%-ით გაიზარდა და უნციაზე $2126,3 შეადგინა. დღევანდელ ვაჭრობაზე ფასმა კიდევ მოიმატა და $2130.2-საც მიაღწია. ამჟამად ბირჟაზე მისი ფასი $2,115 -ის ფარგლებშია.
ოქროს ფასს ზრდას ბიძგი მისცა აშშ-ში წარმოებისა და სამშენებლო ხარჯების შემცირებამ, რაც აძლიერებს მოლოდინს, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი 2024 წლის მეორე ნახევარში ძირითადი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას დაიწყებს.
გარდა ამისა, ოქროზე მაღალი მოთხოვნაა მსოფლიო ცენტრალური ბანკების მხრიდან. მოთხოვნის ზრდა ფიქსირდება ევროკავშირსა და აშშ-ში რუსული ოქროსა და სავალუტო რეზერვების გაყინვის შემდეგ, რაც დაახლოებით $300 მილიარდს შეადგენს.