ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, წლების განმავლობაში საქართველოში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებში(FDI) მაღალია ოფშორული ქვეყნების წილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული უცხოური ინვესტიცია, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს.
შესაძლოა, ხშირად FDI-ის უკან ისევ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ინვესტიცია ქვეყნიდან ჯერ გაიტანეს, შემდეგ კი უკან შემოიტანეს. ამის მაგალითია მიმდინარე წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიაც, – 10-დან, 4 კომპანიის საბოლოო მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში წელს მალტას 11.1% უკავია, წლის პირველ 9 თვეში მალტიდან $107.7 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მალტადან ტოპ ინვესტორ კომპანიებში კი ტრადიციულად ხვდება „ალმა“, – კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს, ხოლო მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ბიზნესმენები ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან.
მიმდინარე წლის I-III კვარტალში, იმ კომპანიების სიაში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა გვხვდება „თბილისი ენერჯი“ – ინვესტორ ქვეყნად კი მარშალის კუნძულები, სადაც „თბილისი ენერჯის“ 100%-ის მფლობელი კომპანია შპს „ვოლთბეი“ არის რეგისტრირებული. რეალურად კი “ვოლთბეის” აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიაა, მეორე 50%-ის კი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვი.
ოფშორულ ქვეყნებშია რეგისტრირებული “ქართული ცემენტი” და “ბორჯომიც”,
“ქართული ცემენტის”, ყოფილი “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მენეჯმენტი ოფიციალურად მიმდინარე წელს შეიცვალა. კომპანია გერმანულმა Heidelberg Materials-მა დატოვა, რაც გერმანიის ელჩმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირა. 2023 წელს “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის “ჰანიველ პარტნერზისა” და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში. Cement Invest B.V-ის ერთობლივად აკონტროლებს კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული GCF L.P და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დაფუძნებული Park Street Capital L.P.
რაც შეეხება კომპანია “ბორჯომს”, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებული ოლიგარქების – მიხაილ ფრიდმანისა და პეტრ ავენის “ალფა ჯგუფი” იყო. სანქციების გამო კი კომპანიის ოპერირება ფერხდებოდა, ბრენდის გადარჩენის მიზნით კი საქართველოს მთავრობამ ჯგუფის აქციათა 7.73%-იანი წილი შეისყიდა.
ოფშორულ ინვესტიციებად მიიჩნევა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიც, რომელიც უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეათე ადგილს იკავებს.
წლების განმავლობაში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის გვხვდებოდა პანამა – ამის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ბიზნესების ნაწილის პანამაში რეგისტრაცია წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა აქტივები ფონდ ქართუს გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა და თუკი მაგალითად 2019 წელს თითქმის $80 მლნ-ს აღწევდა, 2022 წელს $5.3 მლნ-მდე შემცირდა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი პანამიდან მხოლოდ $77,300 შემოვიდა.
კომპანიები, რომლებშიც 2024 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა
(კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით;ინფორმაცია ინვესტორი კომპანიისა და ქვეყნის შესახებ მოწოდებულია საქსტატის მიერ; საბოლოო მფლობელის შესახებ კომპანიების ფინანსური ანგარიშგებიდან)
ბორჯომი
ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები
ინვესტორი კომპანია: აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი
საბოლოო მფლობელი: LLC IDS BORJOMI BEVERAGES CO.N.V – ნიდერლანდების ანტილის კუნძულები.
თბილისი ენერჯი
ინვესტორი ქვეყანა: მარშალის კუნძულები
ინვესტორი კომპანია: “ვოლთბეი”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელი არის შპს „ვოლთბეი“ რომლის აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მაქაცარიაა. აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანია Weco investment and Finance S.A.-ია, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. „Weco Investment and Finance S.A.“-ის 100%-ის მფლობელია შპს „HARRIMAN HOLDINGS“, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელია ნასიბ ჰასანოვი, აზერბაიჯანის მოქალაქე.
სს ენერგო პრო ჯორჯია
ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი
ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.
შპს ქართული ცემენტი (ყოფილი შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია)
ინვესტორი ქვეყანა: ნიდერლანდები
ინვესტორი კომპანია: kaukasuscement holding BV
საბოლოო მფლობელი: CaucasusCement Holding B.V – კომპანიის უმსხვილესი მეწილე “ცემენტი ინვესტია”, რომელიც ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ირაკლი რუხაძის “ჰანიველ პარტნერსის” და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის ოჯახის იტერესს წარმოადგენს.
ტოიოტა კავკასია
ინვესტორი ქვეყანა: იაპონია
ინვესტორი კომპანია: “ტოიოტა ცუშო კორპორეიშენი”
საბოლოო მფლობელი: Toyota Tsusho Corporation (100%)
შპს აჭარა ტექსტილე
ინვესტორი ქვეყანა: თურქეთი
ინვესტორი კომპანია: “ს.ს აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის 100%-ის მფლობელია ს.ს “აბაი ულუსლარარასი თექსთილ თურიზმ ვე იათირიმ თიჯარეთ”, რომლის აქციონერები არიან: ჯემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%; ქემალ ბილგინ გულლუოღლუ – 50%.
სს ბიჯეო ჯგუფი
ინვესტორი ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
ინვესტორი კომპანია: Bank of Georgi Group PLC
საბოლოო მფლობელი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group plc).
სს ეპ ჯორჯია გენერაცია
ინვესტორი ქვეყანა: ჩეხეთი
ინვესტორი კომპანია: “ენერგო-პრო ეი.ეს”
საბოლოო მფლობელი: კომპანიის აქციების 100%-ს ფლობს „DK Holding Investments s.r.o.“. ამ უკანასკნელის აქციების 100%-ის მფლობელია იარომირ თესარი, რომელიც ამასთანავე კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი პირია.
შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს – საქართველოს ფილიალი
ინვესტორი ქვეყანა: აზერბაიჯანი
ინვესტორი კომპანია: “სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს”
საბოლოო მფლობელი: შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს, აზერბაიჯანი.
მაგთი
ინვესტორი ქვეყანა: აშშ
ინვესტორი კომპანია: “ინტერნეიშენელ ტელსელ სელულარ/ტელსელ უაიერლეს კომპანი”
საბოლოო მფლობელი: შპს „მაგთიკომი“-ს მფლობელები არიან ,,International Telcell Cellular, LLC“, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ფლობს კომპანიის 51%-ს და „Telcell Wireless, LLC“, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც კომპანიაში 49%-იანი წილის მფლობელია.
ბოლო წლების განმავლობაში, უცხოური ინვესტიციები იკლება. 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა (წინასწარი მონაცემები) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39.9%-ით არის შემცირებული. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა $966.3 მლნ შეადგინა, რაც მშპ-ის 4%-ია.