ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, 4 სექტემბერს, სოჭში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ილაპარაკეს.
მათ შორის იყო უკრაინის ომიც.
ერდოღანმა თქვა, რომ ანკარა მზადაა, იყოს შუამავალი მოსკოვსა და კიევს შორის.
თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინის კონფლიქტზე მოლაპარაკებებზე და არც ახლა ამბობს უარს.
მან გააკრიტიკა დასავლეთი და თქვა, რომ მან „ნაგავში გადააგდო” თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებები.
თურქეთის პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან აფრიკასა და კავკასიაში არსებული ვითარება განიხილა და დასძინა, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის მჭიდრო ურთიერთობა ხელს შეუწყობს რეგიონული პრობლემების მოგვარებას.
„მარცვლეულის შეთანხმება”
მარცვლეულის დერეფნის აღდგენა შეხვედრის კიდევ ერთი ძირითადი თემა იყო.
რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მან და მისმა თურქმა კოლეგამ სხვა საკითხებთან ერთად მარცვლეულის შეთანხმების აღდგენის საკითხი განიხილეს.
პუტინმა თქვა, რომ დასავლეთი აგრძელებს შეთანხმების იმ ნაწილის ბლოკირებას, რომელიც რუსეთის მიმართ შესასრულებელ ვალდებულებებს ითვალისწინებს და დასძინა, რომ მათ მოსკოვი შეთანხმების ჰუმანიტარულ ხასიათთან დაკავშირებით მოატყუეს.
„სანამ რუსეთი მარცვლეულის დერეფანში უსაფრთხოების უზრუნველყოფით იყო დაკავებული, უკრაინა ამ გზას რუსეთის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმებისთვის იყენებდა”, –განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მოსკოვი მარცვლეულის შეთანხმებას ვალდებულებების შესრულებისთანავე აღადგენს.
მიუხედავად ამისა, რუსეთი აპირებს, გააგრძელოს სურსათისა და სასუქების ექსპორტი, ასევე ხელი შეუწყოს ფასების სტაბილიზაციას და სიტუაციის გაუმჯობესებას გლობალურ აგრარულ სექტორში, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა ისიც თქვა, რომ რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების დატოვებას სურსათის ბაზრებზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან მარცვლეულის ფასები იკლებს და არც საკვების დეფიციტი შექმნილა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის მოლოდინები ინიციატივის მიმართ „სამართლიანად” მიაჩნია და იმედოვნებს, რომ წინადადებების ახალი პაკეტი ხელს შეუწყობს მარცვლეულის შეთანხმების აღდგენას.
„გაეროსთან კონსულტაციების შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ წინადადებების ახალი პაკეტი. დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ახალი პაკეტით სასურველ შედეგს მივაღწევთ და რაც შეიძლება მალე განვაახლებთ ინიციატივას”, –განაცხადა მან.
რუსეთ-თურქეთის ეკონომიკური გარიგებები
რუსეთი აპირებს, თურქეთს იაფად მიაწოდოს საწვავი.
ასევე, თურქეთის გავლით განხორციელდეს რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი მესამე ქვეყნებში.
ერდოღანმა თქვა, რომ პუტინთან სინოპში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი განიხილა.
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი სულ უფრო ხშირად იყენებენ თავიანთ ეროვნულ ვალუტას ორმხრივი ტრანზაქციებისთვის.
„ჩვენი ეროვნული ვალუტების – რუბლის და ლირას კომერციულ ბირჟებზე სავაჭროდ გამოყენება იზრდება, ხოლო დოლარსა და ევროში დენომინირებული ორმხრივი ტრანზაქციების წილი სტაბილურად მცირდება”, – თქვა მან.
პუტინმა დასძინა, რომ ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკები მჭიდროდ თანამშრომლობენ.
მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 86%-ით გაიზარდა და კიდევ 4%-ით მოიმატა 2023 წლის პირველ ნახევარში.
რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს, სრულად დააკმაყოფილოს მარცვლეულზე თურქეთის მოთხოვნა და ის ფქვილის გადამამუშავებელ ქარხნებს მიაწოდოს.