7 ოქტომბრიდან ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებს გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს (UNRWA) 88 თანამშრომელი შეეწირა. ამის შესახებ გაეროს ჰუმანიტარული ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ.
„ეს არის გაეროს თანამშრომლების დაღუპვის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ერთ კონფლიქტში“, –განაცხადეს გაეროში.
განცხადებაში ასევე წერია, რომ ისრაელის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში 1400-მდე ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა, ხოლო 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები, მძევლად აიყვანეს.
ორგანიზაციების მონაცემებით, სულ ღაზას სექტორში დაღუპულია 9500 ადამიანი, მათ შორის 3900 ბავშვი. ცნობისთვის, ისინი ეყრდნობიან ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს, რომელსაც ჰამასის მებრძოლები აკონტროლებენ.
„ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას [კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა] შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით. ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მძევლად მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლების შესახებ… დამატებითი დახმარება –საკვები, წყალი, მედიკამენტები და, რა თქმა უნდა, საწვავი – უნდა მიეწოდოს ღაზას უსაფრთხოდ, სწრაფად და საჭირო მოცულობით… ჩვენ გვჭირდება სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა. 30 დღე გავიდა… ეს უნდა შეწყდეს“, – წერია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს გაეროს 17 სააგენტოს წარმომადგენელი, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელი, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი (OHCHR) ვოლკერ თურქი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ რასელი და სხვები.