გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 11 სექტემბერს ბერლინის ბუნდესტაგში გამოსვლისას მიგრაციის საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა „დიდი ეკონომიკური პრობლემის“ წინაშე დგას.
მან ამის დასტურად მოიშველია კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ქვეყანას რამდენიმე წელიწადში სამუშაო ძალის დაბერების პრობლემა დაუდგება.
კანცლერი კონტროლირებადი იმიგრაციის აუცილებლობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ გერმანიას სჭირდება მეტი კვალიფიციური მუშაკი.
“მსოფლიოში არცერთ ქვეყანას აქვს ეკონომიკური ზრდა, სადაც მცირდება სამუშაო ძალა. ეს არის სიმართლე, რომლის წინაშეც ვდგავართ”, – თქვა მან.
შოლცის თქმით, გერმანიამ ღია საიმიგრაციო პოლიტიკა უნდა აწარმოოს, თუმცა, მკაცრად უნდა გააკონტროლოს, ვინ შევა ქვეყანაში.
“ღიაობა აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერს, ვისაც სურს, შეუძლია მოვიდეს. ჩვენ უნდა შევძლოთ ავირჩიოთ, ვინ ჩამოვა გერმანიაში”, – თქვა კანცლერმა.
როგორც ცნობილია, გერმანიის მთავრობა 16 სექტემბრიდან არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს, ქალაქ ზოლინგენში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. კონტროლის ახალი მექანიზმი, სავარაუდოდ, გავრცელდება ყველა მგზავრზე, ვინც გერმანიაში სახმელეთო გზით შევა.
სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება 1 სექტემბერს არცევნებში გერმანიის ანტიიმიგრაციული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის” გამარჯვებას უკავშირდება. ულტრამემარჯვენე პარტიამ გამარჯვება მოიპოვა აღმოსავლეთ ტურინგიის შტატში, ხოლო საქსონიაში მეორე ადგილზე გავიდა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გამარჯვება მათი საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართ გერმანელი ამომრჩევლების მხარდაჭერამ განაპირობა.