მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, გადამზიდავი კომპანიები უკრაინული მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე გატანის ალტერნატიულ გზებს ეძებენ. თუმცა, მარშრუტების ვარიანტები მწირი ხდება.
The New York Times წერს, რომ, გადამზიდავ კომპანიებს, რომლებიც უკრაინული მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე გადატანას ცდილობენ, დიდი არჩევანი არ აქვთ, რაც კიდევ უფრო ამწვავებს სასურსათო კრიზისს და გაზრდის სურსათის გლობალურ ფასებს.
რუსების მიერ მდინარე დუნაის მარცვლეულის ტერმინალზე თავდასხმამ, რომელიც ალტერნატიული საექსპორტო გზა იყო უკრაინიდან მარცვლეულისთვის, ექსპორტი გაართულა.
მდინარე დუნაი ითვლებოდა უფრო უსაფრთხო ვარიანტად, ვიდრე შავი ზღვა, ნატოს წევრ რუმინეთთან სიახლოვის გამო. მაგრამ, დიდი ალბათობით, ეს მარშრუტიც დაიხურება. გარდა ამისა, გემების დაზღვევის ტარიფები შეიძლება გაიზარდოს, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს.
მაგრამ ზოგიერთმა გემთმფლობელმა შესაძლოა გადაწყვიტოს უკრაინის პორტებში შესვლა გაზრდილი რისკის ქვეშაც კი, თუ ისინი მიიღებენ გარანტიებს თურქეთისა და უკრაინის მთავრობებისგან, – განაცხადა იორუქ ისიკმა, თურქული საკონსულტაციო კომპანია Bosphorus Observer-ის ანალიტიკოსმა.