დასავლური ტექნიკის იმპორტი რუსეთში 2022 წლამდე დონეს დაუბრუნდა.
საუბარია მიკროჩიპებისა და ელექტრონიკის იმპორტზე, რომელსაც რუსეთი სამხედრო ინდუსტრიაში იყენებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ო’ბრაიენმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ო’ბრაიენი ამას ხსნის იმით, რომ რუსეთი უკეთესად ახერხებს დაწესებული სანქციების თავიდან არიდებას. კერძოდ, ევროპული კომპანიების მიერ გაყიდულ ელექტრონიკას რუსეთში, სხვა ქვეყნების გავლით ყიდიან, ხოლო სანქციები მიწოდების ამ არხს ჯერ ვერ ეხება.
ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა ხუთი ქვეყანა, რომლებიც რუსეთს ტექნიკის დასავლეთის სანქციების გვერდის ავლით შეძენაში ეხმარებიან.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ეს ქვეყნებია: თურქეთი, ყაზახეთი, სომხეთი საქართველო და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომელიც მესამე ქვეყნების დასჯის ახალ მექანიზმს ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით პროდუქციის შესყიდვის საშუალებას აძლევენ.
მაგრამ, ამ ეტაპზე ევროკავშირის ელჩებმა ჯერ ვერ მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმება სანქციების ახალ პაკეტზე. მათ მოლაპარაკებები მომავალ კვირას უნდა გააგრძელონ .