ნიდერლანდები დამატებით €8 მილიონის ინვესტირებას განახორციელებს NATO-ს ფონდში საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით.
ამის შესახებ NATO-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰუქსტრამ განაცხადა.
DCB (Defence and Related Security Capabilities Development Initiative) ფონდისთვის გამოყოფილი €8 მილიონი განკუთვნილია ანტიდრონის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვისა და კიბერშეტევებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.
ვოპკე ჰუქსტრამ აღნიშნა, რომ ამ არასტაბილურ დროს, მნიშვნელოვანია, NATO-ს მოკავშირეების თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, რადგან რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საშინაო საქმეებში.
მანამდე ნიდერლანდები ბოსნიას დაჰპირდა დამატებით 150 ჯარისკაცის გაგზავნას EUFOR Althea მისიით.
NATO-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა (DCB) მიზნად ისახავს, დაეხმაროს ალიანსის პარტნიორებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში იარაღის პირდაპირი მიწოდების გარეშე.
საქართველომ და მოლდოვამ ამ ინიციატივის ფარგლებში სამხედრო დახმარება ადრეც მიიღეს.