საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო აქვეყნებს ინფორმაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის საქმიანობის შესახებ.
არასამტავრობო ორგანიზაციის ცნობით, სასამართლო კლანის სანქცირებულმა ლიდერმა, მიხეილ ჩინჩალაძემ 4 წლის განმავლობაში არცერთი საქმე განიხილა, მაგრამ ხელფასის სახით 448 020 ლარი აიღო.
„მიხეილ ჩინჩალაძე მოსამართლის ფუნქციას არ ასრულებს. მისი 16 წლიანი მოსამართლის კარიერიდან 4-წლიანმა მონაკვეთმა (2010-2013 წწ) ისე გაიარა, რომ მას არცერთი საქმე არ განუხილავს, 448 020 ლარის ანაზღაურება კი აიღო. ეს იმ ფონზე, როცა სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გადატვირთულობა და მათ შორის ამ მიზეზით, საქმეთა გაჭიანურება მნიშვნელოვანი გამოწვევაა”,- აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო.
როგორც ირკვევა, დანარჩენ წლებშიც მიხეილ ჩინჩალაძე თვეში საშუალოდ მხოლოდ 2 საქმეს განიხილავდა მაშინ, როდესაც სხვა მოსამართლეებს წლის განმავლობაში ასობით საქმის განხილვა უწევთ. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, 2022 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის მიერ განხილული საქმეების საშუალო მაჩვენებელი 273 იყო.
მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა ე.წ. კლანის ხელმძღვანელი და აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებული მოსამართლეა.
„ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, მიხეილ ჩინჩალაძე კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებაროს, რასაც სასამართლო კლანი და ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება. არადა, ეს შემოწმება აუცილებელი წინაპირობაა, რათა საქართველომ შეძლოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება”,- მიიჩნევს არასამთავრობო ორგანიზაცია. .