ყაზახეთი და აზერბაიჯანი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ერთობლივ საწარმოს ქმნიან. კომპანიამ ევროპაში ნავთობი რუსეთის გვერდის ავლით უნდა გაიტანოს. მარშრუტი საქართველოს სატრანზიტო დერეფანზე გაივლის.
ერთობლივი კომპანიის შექმნის ინიციატივა აზერბაიჯანს ეკუთვნის. ბაქომ ყაზახეთს ნავთობის ტრანსპორტირება შესთავაზა ბაქო-სუფსის მილსადენით და რკინიგზით ბათუმისა და ფოთის პორტებამდე. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრმა სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა,- წერს Kazinform-ი.
ყაზახური მხარის ინფორმაციით, ერთობლივი კომპანია იქნება ერთადერთი ოპერატორი ამ სატრანზიტო მარშრუტზე, რომელიც ნავთობს გადაზიდავს იაფი სატრანზიტო ტარიფით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.
შარშან KazMunayGas-მა და Socar-მა გააფორმეს შეთანხმება, რომელიც 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის მიწოდებას ითვალისწინებს. მარტში პირველი ორი ტანკერი უკვე გაიგზავნა, რაც 20 000 ტონას შეადგენს, ხოლო აპრილში 125 000 ტონა ნავთობი გადაიზიდება.
ცნობისთვის, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გასულ წელს შეთანხმდნენ ევროპისთვის ენერგორესურსების რუსეთის მარშრუტის გვერდის ავლით მიწოდებაზე.