Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 2,53%-ით დაეცა და ბარელის ფასი $75,27-მდე შემცირდა.
ამერიკული WTI $3,03%-ით გაუფასურდა და ბარელზე $70,14 შეადგინა.
ნავთობის გაიაფება აშშ-ში საწვავის მარაგების დიდი მოცულობით ზრდამ გამოიწვია. ამ ინფორმაციამ გადაწონა OPEC+-ის მიერ ნავთობის მოპოვების კლება.
აშშ-ის საწვავის მარაგები წინა კვირას 5,4 მილიონი ბარელით გაიზარდა, რაც 5-ჯერ მეტია საპროგნოზო მაჩვენებელზე.
ნავთობის ფასებზე ჩინეთის ეკონომიკური პრობლემებიც აისახა. როგორც ცნობილია, სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა ჩინეთის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა.
ცნობისთვის, OPEC+-ის წევრი ქვეყნები წინა კვირას დღიური მოპოვების დაახლოებით 2,2 მილიონი ბარელით შემცირებაზე შეთანხმდნენ. მოპოვება შემცირებული იქნება 2024 წლის პირველი კვარტალშიც.
ნავთობის უდიდესი მომპოვებელი ქვეყნების –საუდის არაბეთისა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლებელია ბაზარზე საწვავის მიწოდება მარტის შემდეგ კიდევ უფრო შეზღუდონ.
გუშინ, 6 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთში ჩავიდა. ამ ქვეყნების პირველ პირებთან მოლაპარაკებების მთავარი თემა ნავთობი და OPEC+ იყო.