ნავთობმა სამკვირიანი გაიაფების შემდეგ ისევ გაძვირება დაიწყო. ორშაბათის ვაჭრობაზე ნავთობის ფასმა 2%-ზე ცოტა მეტად მოიმატა.
Brent-ის ფასი $1,71, ანუ 2,3%-ით გაიზარდა და $77,01 შეადგინა.
West Texas Intermediate (WTI) ნავთობის ფასი $1.82-ით, ანუ 2.6%-ით გაიზარდა და $73.16 შეადგინა.
ამჯერად, გაძვირების მიზეზი გახდა ის, რომ აშშ-ში რეცესიის შიშმა იკლო და საწვავით მოვაჭრეებმა ჩათვალეს, რომ ნავთობზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინი გადაჭარბებული იყო.
მანამდე, პარასკევს, ფასის ზრდას ბიძგი მისცა აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდის შესახებ ინფორმაციამ, რამაც შეამსუბუქა გარდაუვალი ეკონომიკური რეცესიის საფრთხე.
როგორ შეიცვლება ნავთობის ფასი უახლოეს მომავალში, აშშ-ის ინფლაციის მონაცემებზე და OPEC-ის გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული.
OPEC და მოკავშირე ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების რაუნდი ამ თვეში იწყება. ხუთშაბათს გაერთიანება ნავთობის ბაზრის ყოველთვიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, რაც მოთხოვნა-მიწოდების სურათს აჩვენებს. ხოლო ჯგუფის წევრები მომავალ შეხვედრას 4 ივნისს გამართავენ.
აშშ-ის ინფლაციის აპრილის მაჩვენებლები ოთხშაბათს გამოქვეყნდება და ის დიდწილად განსაზღვრავს, Fed-ის გადაწყვეტილებებს რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით.