ნავთობის ფასი მყისიერად გაიზარდა, როგორც კი საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ ივლისიდან ნავთობის დღიურ მოპოვებას კიდევ 1 მილიონი ბარელით შეამცირებს.
5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ფასი $77-მდე გაძვირდა ბარელზე, ხოლო WTI – $72-მდე.
საუდის არაბეთი, OPEC+-ის წამყვანი მწარმოებელი, ნედლი ნავთობის მოპოვებას დღიურად დამატებით 1 მილიონი ბარელით შეამცირებს იმ მიზნით, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდა გამოიწვიოს. შემცირება ივლისიდან დაიწყება და ჯერჯერობით ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს.
საუდის არაბეთმა მოპოვების შემცირების შესახებ ვენაში გამართული OPEC+-ის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ის ასევე დათანხმდა 500 000 ბარელით მოპოვების შემცირებას დღეში. OPEC-ის წევრები ამ გეგმის მიხედვით წლის ბოლომდე იმოქმედებენ.
შეთანხმების შესაბამისად, მოსკოვიც მომავალი წლის ბოლომდე გააგრძელებს მოპოვების შემცირებას 500 000 ბარელით დღეში.
თეთრმა სახლმა გააკრიტიკა საუდის არაბეთის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ და განაცხადა, რომ აშშ ორიენტირებულია ამერიკელ მომხმარებლებზე და არა ბარელებზე, ამიტომ მნიშვნელოვნად მიაჩნია ნავთობზე დაბალი ფასის შენარჩუნება.
აპრილში OPEC+-მა, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის დაახლოებით 40%-ს აწარმოებს, მოულოდნელად გამოაცხადა, რომ მისმა წევრებმა შეამცირეს მოპოვება დღეში 1,66 მილიონი ბარელით (ოქტომბერში გამოქვეყნებული 2 მილიონი ბარელით დღეში შემცირების გარდა).
საუდის არაბეთს საკუთარი ბიუჯეტის დასაბალანსებლად ბარელზე $80-ზე მაღალი ფასი სჭირდება. ქვეყანამ ნავთობის სექტორში ასობით მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტები განახორციელა, ამიტომ ხარჯების დასაფინანსებლად მეტი შემოსავალი სჭირდება. შესაბამისად, ის ეცდება, მომავალშიც ნავთობის გაძვირებისკენ მიმართული პოლიტიკა აწარმოოს.