ახლო აღმოსავლეთიდან მიწოდების შემცირების გამო, ნავთობის ფასმა 3%-ით მოიმატა.
Brent-ის ნავთობის ფასი $78,78-მდე გაძვირდა, ხოლო აშშ-ის West Texas Intermediate-ის ფიუჩერსები $73,36 გახდა.
მიზეზი ლიბიაში ერთ-ერთი უდიდესი საბადოს გაჩერება და ისრაელ-ჰამასს შორის დაპირისპირების გაძლიერებაა.
ინვესტორები წითელ ზღვაში დაძაბულობის გაზრდის საფრთხეს ხედავენ.
ლიბიის შარარას საბადო, საიდანაც დღიურად 300 ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდნენ, ადგილობრივების საპროტესტო გამოსვლების გამო, სრულად გაჩერებულია, რაც ნავთობის გლობალური მიწოდების შეფერხების რისკს ზრდის.
ამას დაემატა აშშ-ის ნავთობის ინსტიტუტის უახლესი მონაცემები, რომლის თანახმად, ქვეყნის ნედლი ნავთობის მარაგი 7,4 მილიონი ბარელით შემცირდა.
ბაზარი ელოდება OPEC+-ის სხდომას, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირების გეგმის განსახილველად 1-ელ თებერვალს უნდა გაიმართოს,
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2024 წელს Brent-ის ფასი ბარელზე $70- $90-მდე დიაპაზონში იქნება OPEC+-ის მიწოდების კლების, რეცესიის დაბალი რისკისა და ჩინეთისა და აშშ-ის მიერ ნავთობის სტრატეგიული რეზერვის შევსების ფონზე.
თუმცა, ნავთობის გაძვირების მთავარ რისკ-ფაქტორად კვლავაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება რჩება.