Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე ბარელზე $78,09 გახდა. ხოლო ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) იანვრის WTI ფიუჩერსების ფასმა ბარელზე $72,35 შეადგინა.
ნავთობის გაძვირება გამოიწვია იემენის ჰუთი მეამბოხეების თავდასხმებმა წითელ ზღვაში მოძრავ გემებზე. შედეგად, დიდმა გადამზიდავებმა თავიანთი ტანკერებისა და საკონტეინერო გემების სხვა მარშრუტებზე გადამისამართება დაიწყეს. ხოლო BP plc-მა გადაზიდვები შეაჩერა.
თავდასხმების ინტენსივობა გაიზარდა ბოლო კვირებში. ჰუთებს შეუძლიათ შეაფერხონ ტრანსპორტირება და შესაბამისად, რისკებიც გაზრდილია.
გაზრდილი საფრთხეების გამო აშშ იწყებს ოპერაციას წითელ ზღვაში სახელწოდებით Prosperity Guardian ჰუთი მეამბოხეების წინააღმდეგ.
შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის – ლოიდ ოსტინის განცხადებით, წითელი ზღვა წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვან კომერციულ დერეფანს, ამიტომ აუცილებელია გაერთიანება და იემენში მოქმედი დაჯგუფებების მიერ გამოწვეული პრობლემის მოგვარება.
შეერთებული შტატების მიერ ინიცირებულ ოპერაციაში ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, ნიდერლანდი, იტალია, ესპანეთი, ნორვეგია, ბაჰრეინი და სეიშელის კუნძულები.
იემენელი მეამბოხეები თავს ესხმიან სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებს. მათ სცადეს თავდასხმა ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.