ნავთობის ფასი მეოთხე დღეა ეცემა. ივლისისდან მოყოლებული მისი ღირებულება უკვე 10%-ზე მეტად არის შემცირებული.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 9 ცენტით, ანუ 0,1%-ით დაეცა და ბარელის ფასი $77,11-ს შეადგენს. აშშ-ის WTI-ის ფასი 0,2%-ით დაეცა და ბარელზე $73,05 შეადგინა.
ფასი კლება უკავშირდება აშშ-ს ნედლი ნავთობის მარაგების ზრდას და მოლოდინს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა შემცირდება.
აშშ-ის ნავთობის მარაგი წინა კვირას 347,000 ბარელით გაიზარდა. შეერთებული შტატები ნავთობის ყველაზე დიდი მწარმოებელი და მომხმარებელია მსოფლიოში და მზარდი მარაგები მოსალოდნელს ხდის ჭარბ მიწოდებას, რაც შეამცირებს ფასები.
ამავდროულად, ახლო აღმოსავლეთში დასრულდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ვიზიტი, რამაც ისრაელ-ჰამასის ომის დასრულების იმედი გააჩინა.
ნავთობის ფასზე მოქმედებს ჩინეთის მხრიდან შემცირებული მოთხოვნა. ივლისში ჩინეთმა 7,4%-ით შეამცირა ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, წინა წელთან შედარებით.
მსოფლიოში ნედლი ნავთობის უდიდეს იმპორტიორ ჩინეთში გრძელდება უძრავი ქონების ბაზრის კრიზისი, რაც აფერხებს ეკონომიკას, საწვავზე მოთხოვნა შემცირებულია და შესაბამისად, ნავთობის სახელმწიფო და კერძო გადამამუშავებელი ქარხნები სრული დატვირთვით არ მუშაობენ.
სპეციალისტების პროგნოზით, თუ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო შეთანხმება შედგება, ნავთობის ფასის კლება გაგრძელდება.