ნავთობის ფასი ზედიზედ მესამე სავაჭრო სესიაზე დაეცა.
Brent-ის ნავთობის ფიუჩერსები 60 ცენტით გაიაფდა და ბარელზე $82,28 შეადგინა. ხოლო აშშ-ის WTI ნავთობის ფიუჩერსები 64 ცენტით დაეცა და $78,02 ღირს.
ნავთობის გაიაფების ტენდენციას აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილების მოლოდინი ქმნის. Fed-ის გადაწყვეტილება იმოქმედებს აშშ-ში საწვავის მოხმარებაზე.
Fed-ის მიერ სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებამ, შეიძლება შეანელოს ეკონომიკური ზრდა, რაც შეამცირებს ნავთობზე მოთხოვნას.
ფედერალური რეზერვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამომხმარებლო ფასების შემცირებას კიდევ რამდენიმე თვე დაელოდებიან, რათა დარწმუნდნენ, რომ ინფლაცია ნამდვილად უბრუნდება 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს.
ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აშშ-ს ნედლი ნავთობისა და ბენზინის მარაგები გაიზარდა გასულ კვირას, ხოლო დისტილატების მარაგები დაეცა.