ნავთობის გლობალური მარაგი მიმდინარე კვარტალში მკვეთრად შემცირდა და მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში მიწოდების დეფიციტი შეიქმნას დღიურად 3,3 მილიონი ბარელის ოდენობით. ამის შესახებ, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების ანგარიშზე დაყრდნობით, Bloomberg წერს.
ეს იქნება ყველაზე დიდი დეფიციტი ბოლო ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
დეფიციტის საშიშროებას ქმნის ის გარემოება, რომ საუდის არაბეთი აგრძელებს მოპოვების შემცირებას.
OPEC-ის 13 წევრი ქვეყანა დღეში საშუალოდ 27,4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა, რაც ორგანიზაციის თქმით, კვარტალში დაახლოებით 1,8 მილიონით ნაკლებია იმ მოცულობაზე, რაც მომხმარებელს სჭირდება.
თუ წარმოება უცვლელად შენარჩუნდება, სხვაობა მიწოდებასა და მოთხოვნას შორის, წლის ბოლო სამ თვეში, თითქმის გაორმაგდება.
OPEC-ის შეფასებით, მას მეოთხე კვარტალში დღეში 30,7 მილიონი ბარელი სჭირდება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
ბოლო პროგნოზის მიხედვით, OPEC-ის წევრები აპირებენ მარაგების სწრაფად შემცირებას. ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ნედლი ნავთობის მარაგები უკვე დაახლოებით 114 მილიონი ბარელით დაბალია 2015- 2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე, – ნათქვამია ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანების მოხსენებაში.
აშშ-ის ნავთობის მარაგების შესახებ ბოლო ინფორმაციამ ნავთობის ფასი კიდევ გაზარდა და ბოლო ვაჭრობაზე ბარელი Brent-ის ფასმა $92,54 შეადგინა.
ცნობისთვის, G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირთან და ავსტრალიასთან ერთად, 2022 წლის ბოლოს რუსული საწვავის ფასების ლიმიტი დააწესა.
2023 წლის აგვისტოში რუსულმა ნავთობმა გადააჭარბა დაწესებულ $60-იან ლიმიტს და ბარელზე $64-ზე მეტად იყიდებოდა. ამის გამო რუსეთმა ნავთობის ექსპორტიდან 8 თვიანი რეკორდული მოგება მიიღო – $15,3 მილიარდი.
2023 წლის 6 სექტემბერს G7-მა გადადო რუსული ნავთობის ფასის ზღვრის გადახედვა.
2023 წლის 11 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა რუსული ნავთობის იმპორტი.