რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვიზიტის შედეგებზე მედიასთან თქვა, რომ ამ დროისთვის უკრაინაში „მშვიდობის მიღწევის პერსპექტივა ჰორიზონტზე არ ჩანს”.
„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. იმის მაგივრად, რომ პრობლემა გამწვავებულიყო და ცეცხლზე ნავთი დაგვესხა, ვცდილობდით, რომ ორივე მხარე საერთო ნიადაგზე შეხვედროდა. სამწუხაროდ, ომი, რომელიც წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს, ჯერ კიდევ გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმების საკითხსაც შეეხო. მან თქვა, რომ გაერომ რუსეთს შეთანხმებაში მონაწილეობის აღდგენა SWIFT-ის სისტემასთან მიერთების გარეშე შესთავაზა. ასევე, გაერო, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მუშაობს რუსული გემების დაზღვევის პრობლემის აღმოფხვრაზე, რაც მათ სანქციების გამო შეექმნათ.
თურქეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ აპირებს განაგრძოს მარცვლეულის შეთანხმების განხილვა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.
ერდოღანს და პუტინს შორის მოლაპარაკებები სოჭში 4 სექტემბერს გაიმართა. მთავარი თემა მარცვლეულის შეთანხმება იყო. პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის ბლოკირებული პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის აღდგენაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.