საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ მოიკვლია აჭარაში გაჭიანურებული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებზი, რომელთა განხორციელება დაიწყო, გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, თუმცა დასრულების ვადები ამ დრომდე გაურკვეველია.
ასეთი პროექტებია:
-
ბათუმის შემოვლითი გზა
-
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხულო-ზარზმის გზის ხულო-გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთი
-
დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა
-
ბათუმის ყინულის მოედანი და საცურაო აუზი
-
საცხოვრებელი კორპუსები ე.წ „ოცნების ქალაქი”
-
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება
-
„მწვანე ქალაქი ქობულეთში”
-
აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრები.
სამ პროექტს (საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა ე.წ. “ოცნების ქალაქში”, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, “მწვანე ქალაქი ქობულეთში”) ახორციელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციას საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა.
სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებმა – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ” და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ინფორმაცია არასრულყოფილად გასცეს, რაც ბოლო პერიოდის მნიშვნელოვანი პრობლემაა.
ბათუმის შემოვლითი გზა
ბათუმის შემოვლითი გზა ახალი ორზოლიანი მაგისტრალი უნდა იყოს ჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე. მის სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტის შემსრულებლად 2017 წელს თურქული კომპანია POLAT YOL & MAPA შეირჩა. სამუშაოები 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება.
2020 წელს სამუშაოების შეფერხების ოფიციალურ მიზეზად COVID-19-ის პანდემია დაასახელეს, შემდეგ წლებში – შემსრულებელი კომპანიის ფინანსური პრობლემები, ხოლო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე არსებული გამოწვევები მოგვარდა და სამშენებლო სამუშაოები განახლდა. პროექტის ჯამური ღირებულება 329 მილიონ ლარს აღემატება, დასრულების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
ხულო-გოდერძის უღელტეხილის საავტომობილო გზა
ხულო-გოდერძის უღელტეხილი ხულო-ზარზმის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს და მის სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია მამისონთან 2020 წლის 9 ივნისს გაფორმდა. ტენდერის ჯამური ღირებულება 14,581,880 ლარს შეადგენდა. მიმწოდებელს დაევალა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 2021 წლის 12 დეკემბრამდე დაესრულებინა.
მიმწოდებლის მოთხოვნით, პროექტში ცვლილებები შევიდა და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად 2022 წლის 15 ივნისი განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, მამისონმა მაინც არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულებები და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის 5 აგვისტოს ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული და ანაზღაურებული იყო 8,031,382 ლარის სამუშაოები, რაც მთლიანი სამუშაოების 55%-ია. მიმწოდებელს შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებისa და ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო 220,186 ლარის ოდენობით.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2022 წლის მარტში გამოაცხადა 30,000,000 ლარის ტენდერი, რომელიც აჭარასა და გურიაში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოებთან ერთად, ითვალისწინებდა ხულო-გოდერძის გზის მონაკვეთის დარჩენილ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც. კონკრეტულად ეს მონაკვეთი 2 წელიწადში უნდა დასრულებულიყო და საამისოდ გათვალისწინებული იყო 7,032,775 ლარი. ეს ტენდერი შპს NEW ROAD-მა უკონკურენტოდ მოიგო და ამ ეტაპზე 4,231,868 ლარის სამუშაოები შეასრულა.
დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზა
აჭარის მთავრობის დაფუძნებულმა აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ (ყოფილი შპს სტადიონი) დაბა ჩაქვის ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, 2020 წლის სექტემბერში გამოაცხადა ტენდერი, რომელიც შპს „საბა კონსტრაქშენმა უკონკურენტოდ მოიგო.
სამშენებლო სამუშაოების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 4,406,083 ლარი იყო. თავდაპირველად, სამშენებლო სამუშაოები 2022 წლის 12 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკში 8-ჯერ შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადად 2023 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 2022 წლის 3 აპრილს განაცხადეს, რომ ბაზის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდებოდა, მაგრამ დაპირება დღემდე შეუსრულებელია და სამუშაოების მხოლოდ 58% არის დასრულებული. აღსანიშნავია, რომ შპს საბა კონსტრაქშენმა აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე უკონკურენტოდ, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად მიიღო მანამდე არსებული ამორტიზებული ძალოსნობის ბაზის დემონტაჟის და დემონტაჟის შედეგად წარმოშობილი მეორადი სამშენებლო მასალების/ნარჩენების გამოყენების უფლება.
ბათუმის ყინულის მოედანი და საცურაო აუზი
ბათუმის ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობის მიზნით აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 19,900,002 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში კანადურ კომპანია Westincor Limited-თან ტენდერის გარეშე გააფორმა. ხელშეკრულებით, სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები სრულყოფილად არ შეასრულა, შესაბამისად მასთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა.
აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ყინულის არენის და საცურაო აუზის ახალი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად, 2022 წლის 7 თებერვალს, 743,400 ლარის სავარაუდო ღირებულების კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც შპს BWC-მ გაიმარჯვა და მასთან გაფორმდა 719,800 ლარის ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით მიმწოდებელს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა 2022 წლის 2 ნოემბრამდე, რაც დღემდე არ შეუსრულებია. შესაბამისად, უცნობია, როდის აშენდება ბათუმის ყინულის არენა და საცურაო აუზი.
ე.წ. ოცნების ქალაქი
ოცნების ქალაქში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის 27 დეკემბერს გამოაცხადა 39,488,000 ლარის ტენდერი. იგი შპს დაგიმ 38,745,999 ლარად მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპი 2021 წლის 14 ივლისამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მას შემდეგ ხელშეკრულებაში 5-ჯერ შევიდა ცვლილება. ხელშეკრულების საბოლოო, 2022 წლის 13 აპრილის ცვლილებით, საერთო ღირებულება გაიზარდა 494,177 ლარით და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 8 ოქტომბერი. მიუხედავად ამისა, ამჟამად პროექტი მაინც არ დასრულებულა და შესრულებულია 33,970,090 ლარის სამუშაოები, ანუ მთლიანი სამუშაოების 87%.
მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება
მაღალმთიან აჭარაში გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წლის მაისში გამოაცხადა 33,797,000 ლარის ტენდერი. იგი შპს ენერჯი ინვესტი 2009-მ უკონკურენტოდ, 27,037,601 ლარად მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების ბოლო, მეოთხე ეტაპი 2021 წლის 11 ივნისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მას შემდეგ ხელშეკრულება 6-ჯერ შეიცვალა და ჯერ სამუშაოების მხოლოდ 77%-ია შესრულებული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტით 2022 წლისთვის აღნიშნული სამუშაოებისათვის გათვალისწინებული იყო 6,000,000 ლარი, რაც ვერ აითვისეს, შესრულდა მხოლოდ 3,161,300 ლარის სამუშაოები ანუ 2022 წლის გეგმის 53%. პროექტის შეუსრულებლობის მიზეზად ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დასახელდა. ხელშეკრულების საბოლოო, 2022 წლის 30 ნოემბრის რედაქციის თანახმად, პროექტის სამშენებლო სამუშაოები 2023 წლის 2 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.
„მწვანე ქალაქი ქობულეთში”
აჭარის მთავრობამ, 2019 წლის 21 მარტს, პირდაპირი მიყიდვის წესით, ქობულეთში მდებარე 180 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, შპს გრინ რეზორტს 6,040,265 ლარად მიჰყიდა. ამ მიწის საბაზრო ღირებულება 32,333,544 ლარი იყო. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მყიდველს 2021 წლის ივნისამდე უნდა დაეწყო და 2025 წლის ოქტომბრამდე დაესრულებინა პროექტის მწვანე ქალაქი ქობულეთში მშენებლობა.
პროექტი ითვალისწინებს არანაკლებ 250-ნომრიანი სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზის, არანაკლებ 100-ადგილიანი რესტორნის, გოლფის მოედნის, არანაკლებ 500 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცის, ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილის, FIFA-ს სტანდარტების სავარჯიშო მოედნის და სარბენი ბილიკის, არანაკლებ 2-თიხნარიანი და არანაკლებ 2-მყარსაფარიანი საჩოგბურთო კორტის, სპორტულ/გამაჯანსაღებელი ან/და სარეაბილიტაციო ცენტრის და არანაკლებ 100 ვილის მშენებლობას.
მიწის ნაკვეთის არანაკლებ 70% უნდა დაეთმოს რეკრეაციულ ზონას. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, კომპანიამ 250 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულება აიღო, თუმცა პროექტის პრეზენტაციისას მის საინვესტიციო ღირებულებად 500 მილიონი ლარი დაასახელეს. კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან სკოპინგის დასკვნა მიიღო 2020 წლის მარტში და ის ვალდებული იყო, 2022 წლის მარტამდე მიეღო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაიცემა სამშენებლო ნებართვა. კომპანიამ ეს ვალდებულება ვერ შეასრულა და სკოპინგის დასკვნაც გაუქმდა. შესაბამისად, მასზე მშენებლობის ნებართვა არაა გაცემული. მიუხედავად ამისა, აჭარის მთავრობამ 30 თვით, 2023 წლის დეკემბრამდე გაუგრძელა მშენებლობის დაწყების ვადა. პროექტის განხორციელების რეალური ვადები დღემდე უცნობია.
ლოგისტიკური მომსახურების ცენტრები
რეგიონის ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის ტრანსპორტირების, შეფუთვის, დასაწყობების, შენახვისა და რეალიზაციის ერთიან სივრცეში თავმოყრის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს დაიწყო და 2020 წელს დაასრულა ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ლოჯისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობა. აღნიშნული ცენტრების მოვლა-შენახვის ხარჯების გარდა, მათ მშენებლობასა და აღჭურვაზე აჭარის ბიუჯეტიდან 2,538,726 ლარი დაიხარჯა, მაგრამ ცენტრებს რეალურად არ უმუშავიათ.
აჭარის მთავრობამ ამ ცენტრების და მასთან დაკავშირებული უძრავი/მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით 2022 წლის 21 ნოემბერს პირობებიანი აუქციონი გამოაცხადა, სადაც საწყისი ფასი 3,500,000 ლარი იყო: მყიდველს უნდა შეენარჩუნებინა ობიექტის პროფილი მინიმუმ 10 წლით. აუქციონი არ შედგა.
ამის შემდეგ აუქციონები თითოეული ლოგისტიკური ცენტრის პრივატიზების მიზნით ცალ-ცალკე გამოცხადდა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. ასევე არ შედგა 2023 წლის 25 მაისს, ფასდაკლებით, განმეორებით გამოცხადებული აუქციონები. ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ ლოგისტიკურ მომსახურებაზე რეგიონში მოთხოვნა არ არსებობდა და საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად და არაეფექტურად დაიხარჯა, წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მოუწოდებს აჭარის მთავრობას და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მიიღონ მაქსიმალური ზომები გაჭიანურებული პროექტების სწრაფად დასასრულებლად; ასევე, მიმართავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლონ ლოგისტიკური მომსახურების ცენტრების მშენებლობის მიზანშეწონილობის და მასზე გაწეული ხარჯების კანონიერება.