მსოფლიო ბანკის გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების ივნისის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით გაიზრდება. 2025 წელს მშპ-ს ზრდა 5% იქნება. ასევე 5%-ით გაიზრდება მშპ 2026 წელსაც.
მსოფლიო ბანკმა წინა პროგნოზი აპრილში გამოაქვეყნა და მაშინ საქართველოს მშპ-ს პროგნოზი 0,4%-ით, 5,2%-მდე გაზარდა. ახლა კი ის უცვლელად შეინარჩუნა.
ორგანიზაციის ახალ შეფასებაში წერია, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა შენელებულია ბოლო წლებში ნაჩვენები მაღალი მაჩვენებლებიდან. ნავარაუდევია, რომ საგარეო ვაჭრობაზე უკრაინაში ომის გავლენა გაგრძელდება.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკს მხოლოდ რუსეთის შემთხვევაში შეცვალა.
2024 წელს მსოფლიო ბანკი 2,2%-ის ნაცვლად 2,9%-იან ზრდას ელოდება.
მსოფლიო ბანკი ელოდება, რომ სამხედრო წარმოება ეკონომიკური ზრდის მხარდამჭერი იქნება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის სავაჭრო კავშირები გაძლიერდება ჩინეთთან.
რეგიონის ქვეყნების 2024 წლის ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება:
საქართველო – 5.2%;
სომხეთი – 5.5%;
აზერბაიჯანი – 2.3%;
უკრაინა – 3.2%;
რუსეთი – 2.9%.