რამდენიმეთვიანი ზრდის შემდეგ, მსოფლიო ბაზრზებზე კაკაოს ფასი მცირდება.
tradingeconomics-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ერთი ტონა კაკაოს ღირებულება $7 520-ს შეადგენს, მაშინ, როდესაც სულ რაღაც 2-3 თვის წინ მისი ფასი $11 000-$12 500-ის ფარგლებში მერყეობდა.
ზრდის ტენდენცია მსოფლიო ბირჟებზე 2024 წლის ივნისამდე გრძელდებოდა.
ამ პერიოდში კაკაოს ნაწარმის იმპორტი გაუძვირდა საქართველოსაც. 2024 წლის იანვრიდან მაისამდე ქვეყანაში კაკაოს იმპორტი 23.3%-ით გაძვირდა. (საქსტატი ივნისის მონაცემებს ივლისის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს).
საქსტატის მონაცემებით, იანვარში საქართველომ ერთი ტონა კაკაო და კაკაოს ნაწარმი საშუალოდ $3 629-ად იყიდა, მაისში კი $4 476-ად.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, საქართველომ წელს ხუთ თვეში კაკაო და კაკაოს ნაწარმი მსოფლიოს 36 ქვეყანაში იყიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა.
კაკაოს და კაკაოს ნაწარმის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
- რუსეთი- $10.555 მლნ; 3 485 ტომა(მთლიანი იმპორტის 31.1%); ერთი ტონის საშ. ფასი $3 028);
- უკრაინა- $4.957 მლნ; ერთი ტონის საშუალო ფასი $4 176;
- თურქეთი – $4.414 მლნ; ერთი ტონის საშუალო ფასი $4 948;
- ბელგია – $2.316 მლნ; ერთი ტონის საშუალო ფასი $5 150;
- პოლონეთი – $2.077 მლნ. ერთი ტონის საშუალო ფასი $4 614.
მიმდინარე წლის მარტში კაკაოს ფასმა გლობალურ ბაზარზე ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. გაძვირება დასავლეთ აფრიკაში, მთავარ მწარმოებელ ქვეყნებში დ’ივუარის სანაპიროსა და განაში კაკაოს ცუდმა მოსავალმა გამოიწვია, რამაც მსოფლიო დეფიციტის წინაშე დააყენა.