მდიდრები მდიდრდებიან, ღარიბები ღარიბდებიან
მსოფლიოს ხუთი უმდიდრესი ადამიანის ქონება 2020-2023 წლებში 114%-ით გაიზარდა – $405 მილიარდიდან $869 მილიარდამდე. პარალელურად, ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ხუთი მილიარდი ადამიანი გაღარიბდა. ამის შესახებ Oxfam-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ დავოსში ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას გამოაქვეყნა.
Oxfam თავის ანგარიშში მიუთითებს Tesla-ს დამფუძნებლის – ილონ მასკის, LVMH-ის მფლობელის – ბერნარ არნოს, Amazon-ის დამფუძნებლის – ჯეფ ბეზოსის, Oracle-დან ლარი ელისონისა და უორენ ბაფეტის ქონების გაორმაგებაზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში 2030 წლამდე მსოფლიოს შეიძლება პირველი ტრილიონერი ჰყავდეს. ამ დროს, დედამიწაზე სიღარიბის დაძლევას კიდევ 229 წელი დასჭირდება.
ვინ იქნება პირველი ტრილიონერი
ექსპერტებმა 2020 წელს ივარაუდეს, რომ პირველი ტრილიონერი ბეზოსი გახდება და მისი ქონება ტრილიონს 2026 წლისთვის მიაღწევს. ერთი წლის შემდეგ Morgan Stanley-მა პირველი ტრილიონი 2024 წლისთვის უწინასწარმეტყველა ილონ მასკს, რომელიც ახლა უმდიდრესი ადამიანების სიის სათავეშია.
მსოფლიოს ათი უმსხვილესი კორპორაციიდან შვიდს მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი ან ძირითადი აქციონერი ჰყავს. ამ კორპორაციების ღირებულება კი $10,2 ტრილიონია, რაც აფრიკისა და ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის მშპ-ის ეკვივალენტურია.
Oxfam აღნიშნავს, რომ პანდემიის შემდეგ ქონებრივი დისბალანსი გაიზარდა.
4,7 მილიარდი ადამიანი, რომელიც მსოფლიოს უღარიბეს 60%-ს შეადგენს, პანდემიის გავლენით, 0,2%-ით გაღარიბდა.