ხვალიდან, 23 დეკემბრიდან, რუსეთი აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის ჰუმანიტარულ მიწოდებას დაიწყებს, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა.
მისი თქმით, ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მოცულობა 327 მილიონი კვტ. სთ იქნება, რასაც აფხაზეთის არაღიარებული მთავრობა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ოქტომბრიდან მოყოლებული სთხოვდა.
ადგილობრივ მოსახლეობას ელექტროენერგია კვლავ გრაფიკით ექნება, ის დღე-ღამის განმავლობაში 4 საათით გაითიშება, ნაცვლად თერთმეტი საათისა, რაც ბოლო კვირების განმავლობაში მოქმედებდა.
აფხაზეთში ენერგოდეფიციტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ენგურის ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონის მკვეთრად დაიკლო. აფხაზეთმა ამჯერად ვერ მიიღო ელექტროენერგია, რასაც რუსეთი მას წინა წლებში, ზამთრის სეზონზე აწვდიდა, რადგან თანხა 2024 წლის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული. დე-ფაქტო მთავრობამ დამატებითი თანხები ვერ მოიძია, რადგან რუსეთი საბიუჯეტო სუბსიდიას აღარ უხდის.
დააფინანსებს თუ არა რუსეთი აფხაზეთში პენსიებსა და სოციალური დახმარებებს ამ დრომდე უცნობია.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ სექტემბერში შეზღუდა, ხოლო ნოემბრიდან მთლიანად შეწყვიტა აფხაზეთისთვის სოციალური ხარჯების დაფინანსება(პენსიების გარდა). შედეგად, გრაფიკით გაიცემა ხელფასები სამთავრობო უწყებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში; შეჩერებულია ყველა სახის სოციალური დახმარების გაცემა.
ქართულ მხარესა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე “ენგურჰესიდან” გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდება, 60%-ს კი დანარჩენი საქართველო იყენებს. თუმცა, ამჟამად, ენგურჰესის მცირე სიმძლავრით მუშაობის პირობებში, გამომუშავებულ ელექტროენერგიას თითქმის მთლიანად აფხაზეთი მოიხმარს.