ეროვნული ბანკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი არსებული „ინფლაციური რისკები არ რეალიზდება და მათი სიმწვავე შემსუბუქდება”, ის პოლიტიკის განაკვეთის მის ნეიტრალურ დონემდე შემცირებას, ფრთხილი ბიჯებით, გააგრძელებს და ეს მაჩვენებელი 7% იქნება. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო.
სებ-ის შეფასებით, ინფლაციის ზრდის რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლებელია, ინფლაციური წნეხი წარმოქნას და ასეთი რისკების დონე მაღალია.
რისკებს ქმნის ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა და, ასევე, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა, რაც იმპორტირებულ საქონელზე ინფლაციის ზრდის რისკს ქმნის. გარდა ამისა, გლობალურად არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
რაც შეეხება ინფლაციაზე მოქმედ შიდა ფაქტორებს, სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობა მოსალოდნელზე ძლიერია. ამასთან, გაზრდილი საკრედიტო აქტივობაც, რომლის მთავარი მამოძრავებელი შიდა მოთხოვნაა. გაზრდილია ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალიც, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ ზეწოლას ამცირებს.