„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 7%-ს დაუახლოვდება“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დღეს 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტის პარლამენტში წარდგენისას განაცხადა.
„ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს.
შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს – 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს. საუბარია სესხებზე არსებულ პროცენტებზე.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში გატარებულმა ცვლილებებმა ამ მხრივ, გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო. კერძოდ, საპროცენტო განაკვეთებმა შედარებით დაიკლო.
შეგახსენებთ, ჯამურად მაისიდან მოყოლებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1%-ით შემცირდა და ნოემბრის მდგომარეობით 10%-ს შეადგენს.
რაც შეეხება ინფლაციას, თურნავას თქმით, 2023 წლის ბოლომდე ის სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ კი, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-ის ირგვლივ დასტაბილურება.