აშშ-ის ფედერალური რეზერვის შემდეგ, მონეტარული პოლიტიკა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც (ECB) გაამკაცრა.
რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, გაიზარდა, რაც ზედიზედ მეცხრე ზრდაა.
რეფინანსირების ოპერაციების საპროცენტო განაკვეთი 4.25%, ხოლო ზღვრული დაკრედიტების და სადეპოზიტო ოპერაციების საპროცენტო განაკვეთები შესაბამისად, 4.50% და 3.75% გახდა.
ევროპის ცენტრალური ბანკი აღნიშნავს, რომ ინფლაციის კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ის სამიზნე მაჩვენებელზე (2%) მაღალი იქნება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
„მმართველი საბჭოს მიზანია, დროულად უზრუნველყოს ინფლაციის დაბრუნება 2%-იან მაჩვენებლამდე. ამიტომ გადაწყდა, სამი ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდოს.
ინფლაცია კიდევ უფრო შემცირდება წლის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ დარჩება მიზნობრივ დონეზე მაღალი.
დაკრედიტების პირობები კვლავ გამკაცრდა, რაც სულ უფრო ამცირებს მოთხოვნას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე დასაბრუნებლად”, – აღნიშნულია ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ევრო დოლართან მიმართებით გამყარდა.
აღსანიშნავია, რომ გუშინ აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი ასევე 25 საბაზო პუნქტით, 5.25-დან 5.5%-მდე გაიზარდა, რაც 22 წლის მაქსიმალური ნიშნულია.