ადგილობრივი ინფლაცია მცირდება
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, აგვისტოში საკმაოდ მაღალი – 0.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, მაგრამ ადგილობრივი სამომხმარებლო და მომსახურების ფასები სამიზნე დონესთან ახლოს ან უფრო დაბალიც კი იყო.
როგორც ჩანს, მომავალში ინფლაციის დონე სწორედ ადგილობრივი კომპონენტის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
თუ ეს მაჩვენებელი დაიკლებს, შემცირდება ინფლაციაც, თუნდაც, ნავთობის საერთაშორისო ფასები მომდევნო თვეებში გაიზარდოს, რადგანაც, როგორც მთავარი ეკონომისტი ამბობს, იმპორტული ინფლაცია უკვე ნეგატიურია.
რეფინანსირების განაკვეთი დაიწევს
მთავარი ეკონომისტის აზრით, აღნიშნული ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანია ლარში საპროცენტო განაკვეთების პროგნოზის კუთხით. კერძოდ, ინფლაციის კლება განაკვეთის შემცირების წინაპირობა იქნება.
შესაბამისად, TBC Capital მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირების პროგნოზს უცვლელად ტოვებს.
რის ხარჯზე გაიზარდა ინვესტიციები
TBC Capital ასევე საყურადღებოდ მიიჩნევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდ დინამიკას, თუმცა, აღნიშნავს, რომ ამჯერად მისი ზრდა უფრო მეტად უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდებებიდან ამონაგების ინვესტირების გამო მოხდა, ვიდრე ახალი სააქციო კაპიტალის ხარჯზე.
მაღალია იმპორტში საინვესტიციო საქონლისა და მშპ-ში ინვესტიციების ხვედრითი წილი. გაზრდილია საინვესტიციო მოთხოვნა, რაც მთავარი ეკონომისტის შეფასებით, კოვიდის შემდგომ მომატებული ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, საკმაოდ კანონზომიერი ტენდენციაა.