ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებენ.
მათი შეფასებით, კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად აისახება ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ამასთან, მათი თქმით, მომავალი გზის არჩევანი თბილისის ხელშია.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი, დაადასტუროს თავისი ერთგულება ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს 9 ნაბიჯში ასახული აუცილებელი რეფორმები”, – ნათქვამია განცხადებაში.
ბორელმა და ვარჰელმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, ჟურნალისტების და მათი ოჯახების მიმართ დაშინებას, მუქარას და ფიზიკურ ზეწოლას მიუღებელი უწოდეს და ურჩიეს საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს ეს ქმედებები.