შუა დერეფნის პროექტის ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანს შორის ერთობლივ მმართველობის სისტემაზე დაფუძნებული საბაჟო გამშვები პუნქტი მოეწყობა.
შუა დერეფნის მიზანია სატრანზიტო გადაზიდვის დროის შემცირება, ტვირთების დაბალი ტარიფებით გადაზიდვა, რაც მოითხოვს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და სატრანსპორტო დოკუმენტების და პროცედურების გაციფრულებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის ახალი საბაჟოს მოწყობის შემდეგ, მოძრავი სატრანსპორტო საშუალება 2-ის ნაცვლად უკვე ერთ ადგილზე გაჩერდება და პროცედურებსაც სწრაფად გაივლის
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მასზე უწყებათაშორის ჯგუფი, ორი ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო უწყებები მუშაობენ. უკვე შექმნილია პროცედურული შეთანხმების პროექტი.
ხუნდაძის თქმით, „ასეთ გამშვებ პუნქტის ანალოგი არ აქვს. ის ხელს შეუწყობს ქვეყნების შორის ტვირთების მოძრაობას, ვაჭრობის გაზრდას და გამარტივებას”.
მისი თქმით, მოეწყობა მაქსიმალურად გაციფრულებული ელექტრონული გეზი(გაფორმების ეკონომიკური ზონა), რომლის რობოტიზაციის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიმდინარეობს.
როგორც ხუნდაძე ამბობს, დერეფნის წევრ ქვეყნებს შორის ასევე მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციის წინასწარ გაცვლასა და მისი გაციფრულებაზე. თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან შესაბამისი სისტემა უკვე არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა ყაზახეთთან.
ასევე, მიმდინარეობს ელექტრონული ინფორმაციის წინასწარი გაცვლაზე მუშაობა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთს შორის.
„დაგეგმილი გვაქვს, რომ წელს დასრულდება კომპიუტერულ სატრანსპორტო სისტემაზე მუშაობა, მოხდება პროგრამული უზრუნველყოფა ევროკავშირის ქვეყნებთან და მივუერთდებით 36 ქვეყნის სატრანზიტო სისტემას. საკანონმდებლო სფერო უკვე ჰარმონიზებულია. 2025 წლიდან საქართველო ალბათ უკვე გახდება ამ სისტემის წევრი, რაც მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარებისთვის”,- აღნიშნავს ვლადიმერ ხუნდაძე.