საქართველოს პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ” ხელახალი შეიტანა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება საკომიტეტო განხილვები.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი იგივეა, რაც შარშან იყო პარლამენტში შეტანილი, შეცვლილია მხოლოდ ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“, რომელიც შეიცვალა ტერმინით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.
მამუკა მდინარაძის თქმით, კანონს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე – ივნისის ბოლო პარასკევამდე – მიიღებენ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა: „აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს”.
კანონპროექტის თანახმად, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების მიხედვით აკმაყოფილებს კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, წერილობითი განცხადებით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირება.
ამის შემდეგ მის მიმართ განხორციელდება კანონპროექტით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.
როგორც დოკუმენტში არის მითითებული, ამ ნორმის არსებობა საჭიროა, რადგან მისი არარსებობის შემთხვევაში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულება არ გავრცელდებოდა იმ სუბიექტებზე, რომლებიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებენ კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ისჯება ჯარიმებით.
დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტით წესრიგდება ძირითადად შემდეგი საკითხები:
-
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
-
სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი;
-
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
-
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
-
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
-
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
-
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი პარლამენტიდან გაიწვია.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის ინიციატივას „რუსული კანონი“ უწოდა.