ყაზახეთის უმსხვილესმა ბანკმა Kaspi.kz-მა გადაწყვიტა ლონდონის საფონდო ბირჟიდან გავიდეს.
Kaspi.kz ლონდონის საფონდო ბირჟიდან დელისტინგს მარტის ბოლომდე გეგმავს. ბანკმა გადაწყვეტილება ბირჟაზე ვაჭრობის დაბალი მოცულობით ახსნა.
ბანკი მიიჩნევს, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მისი ხარჯები მიღებულ სარგებელს აღემატება.
Kaspi.kz თავისი ამერიკულ ADS-ს და გლობალური დეპოზიტარის ქვითრებს(GDR) ლონდონის საფონდო ბირჟიდან ამოიღებს არაუგვიანეს 25 მარტისა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ქართველი მილიარდერი მიხეილ ლომთაძეა. Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში ის, $3,7 მილიარდით, 766-ე ადგილს იკავებს.
სარეიტინგო სიაში ქართველი ბიზნესმენი 2021 წელს გამოჩნდა $3,2 მილიარდის ქონებით, Forbes-ის მონაცემებით, 2022 წელს მისი ქონება $1,9 მილიარდამდე შემცირდა, ხოლო ბოლო ერთ წელიწადში მიხეილ ლომთაძე $1,8 მილიარდით გამდიდრდა.
2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის აქციონერების წილები შემდეგნაირად ნაწილდება: Baring Vostok – 27,53%, მიხეილ ლომთაძე – 24,67%, ვიაჩესლავ კიმი – 23,47%.
Kaspi.kz-მა ლონდონის ბირჟაზე IPO 2020 წელს განახორციელა, $1 მილიარდი მოიზიდა და გახდა ყველაზე ძვირადღირებული კომპანია ყაზახეთის ისტორიაში.
2024 წლის იანვრის შუა რიცხვებში ბანკმა პირველი IPO განახორციელა Nasdaq-ის ბირჟაზე აშშ-ში და ამ გზით $1 მილიარდზე მეტი მოიზიდა. ბლუმბერგის მონაცემებით, ბანკის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $18 მილიარდად არის შეფასებული.
Nasdaq-ისა და ლონდონის საფონდო ბირჟის გარდა, Kaspi დალისტულია ყაზახეთის საფონდო ბირჟაზე და ასტანას საერთაშორისო ბირჟაზე.
ბანკის აქციები Nasdaq-ის ბირჟაზე 24 თებერვლისთვის $103,47-ად (+3,33%) ივაჭრებოდა.
ცნობისთვის, თებერვალში, მსოფლიოში წამყვანი ტუროპერატორის TUI-ის აქციონერებმა ლონდონის ბირჟიდან დელისტინგი განახორციელეს. ბლუმბერგის ინფორმაციით, ეს დიდი დარტყმა იყო ლონდონის საფონდო ბირჟისთვის, რომელიც წამყვანი კომპანიების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის იბრძვის.
2023 წლის ბოლოს გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელმა განაცხადა, რომ აქტიურად მუშაობს, ლისტინგის რეჟიმის გამარტივებისა და ქვეყნის საფონდო ბაზრებისადმი ინტერესის აღდგენის გეგმაზე .