გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა.
მიხაილ როთი აღნიშნავს, მათ მხოლოდ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა და ისიც არა პარლამენტში, არამედ “ქართული ოცნების” ოფისში.
„საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ჩვენთან საუბარზე. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის სასწავლებლად, აქ ერთმანეთის მოსასმენად ვართ. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო. მან პარლამენტის ნაცვლად, “ქართული ოცნების” სათავო ოფისში გვიმასპინძლა”, – წერს როთი.
როთი მადლობას უხდის დელეგაციის წევრებს, რომლებიც მასთან ერთად თბილისში ჩამოვიდნენ.
„დიდი მადლობა თბილისში ჩვენს მოგზაურობაში მონაწილეობისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებს, რწმენას. მაგრამ ჩვენ ყველანი მეგობრები ვართ. ჩვენ ყველა ვდგავართ მამაცი ქართველის გვერდით, რომელიც აჩვენებენ თავისუფლება + დემოკრატიას”,– წერს მიხაილ როთი.
როგორც ცნობილია, თბილისში იმყოფება დიპლომატების დელეგაცია. მათ შემადგენლობაში არიან პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).
ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დღეს, 14 მაისს გერმანიის საელჩოში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ და ვიზიტს შეაჯამებენ.