მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადა კიდევ ერთი წლით, 2026 წლამდე გახანგრძლივდა.
მთავრობის 21 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2025 წლის 1 იანვრიდან, 2026 წლის 1 იანვრამდე შეძლებენ. დადგენილების თანახმად, მიწის რეგისტრაცია უფასოდ მოხდება.
“ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, 2026 წლის 1 იანვრამდე, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება განხორციელდეს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის გარეშე”, – წერია დადგენილებაში.
დადგენილება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არსებულ მიწებს შეეხება.
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრმა, წინასწარ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში, საკუთარი ინიციატივით, სისტემური წესით უნდა აზომოს მიწის ნაკვეთები, მოიძიოს შესაბამის დოკუმენტაცია და დაარეგისტრიროს საკუთრება.
სისტემური რეგისტრაციის ეროვნული პროექტი მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლიდან დაიწყო 59 მუნიციპალიტეტში. 2023 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი მიწის რეგისტრაცია თბილისის მერიის მიერ განსაზღვრულ არეალებზე ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 2022-2024 წლებში 1.2 მილიონი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთების დარეგისტრირდება უნდა მომხდარიყო.
2023 წელს ხელისუფლება აცხადებდა, რომ 2024 წლის ბოლომდე დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს გადაეცემოდა.