მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა პირველ კვარტალში ჯამურად 30 მილიონ ლარამდე წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით, 1.4 მილიონი ლარით მეტია.
გაზრდილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მომხმარებლებზე გაცემული კრედიტების მოცულობაც. მათი მთლიანი საკრედიტო პორტფელი ამჟამად 1.58 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 90 მლნ ლარით აღემატება.
ყველაზე მეტ შემოსავალს მიკროსაფინანსოები კვლავაც სალომბარდე სესხებიდან იღებენ. მათ წელს ოთხ თვეში ჯამურად 791 მილიონი ლარამდე სალომბარდე სესხი გასცეს. ასევე, მზარდია მათ მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხების ოდენობაც.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები:
- სალომბარდე სესხი – 791 მილიონი ლარი
- სამომხმარებლო სესხი – 417 მილიონი ლარი
- ვაჭრობა და მომსახურება – 184 მილიონი ლარი
- სოფლის მეურნეობა – 105 მილიონი ლარი
- განვადება – 49 მილიონი ლარი
- იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები – 27 მილიონი ლარი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხებს ძირითადად ქართული კომერციული ბანკებისგან აღებული კრედიტებით გასცემენ. მათ ბანკებისგან 390 მილიონ ლარამდე სესხი აქვთ აღებული. მათი დაფინანსების წყაროს ასევე, წარმოედგენს უცხოური საფინანსო წყაროებიდან მოზიდული თანხებიც.
2023 წლისთვის ადგილობრივ ბაზარზე 35 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ჯამურად 1.86 მილიარდი ლარის აქტივს ფლობენ, რაც წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 220 მილიონი ლარით არის გაზრდილი.