საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინასწარ გადაწყვეტილებას ევროკომისია დღეს, 8 ნოემბერს, ბრიუსელის დროით 12 საათის შემდეგ გამოაცხადებს. ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ დეკემბერში უნდა მიიღოს.
ამ დროისთვის არსებული წინასწარი ინფორმაციით, დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს დამატებითი პირობებით; ხოლო უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე გადავლენ.
ევროკომისიამ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, საქართველოს 12 რეკომენდაცია მისცა სავალდებულო შესასრულებლად. აქედან საქართველოს მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებული.
მათ შორის, შეუსრულებელია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციები – „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმირებისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ“.
კიდევ ერთი რეკომენდაცია დეპოლარიზაციის შემცირებას შეეხებოდა, თუმცა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო გაიზარდა.
რა არის შემდეგი ეტაპი
2024 წლის შემოდგომაზე ევროკომისიას გადაწყვეტილება ექნება მისაღები ევროინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე საქართველოს გადასვლასთან დაკავშირებით.
ამ საფეხურის გავლის შემთხვევაში უკვე გაწევრიანების საკითხი დადგება.
მმართველი პარტია ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება მათი დამსახურება იქნება. ამასთან, ხშირად იმეორებს, რომ საქართველო კანდიდატობას შარშან ივნისშივე იმსახურებდა.
ევროკომისიის გადაწყვეტილების წინ ევროპელი დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ქართველი ხალხი და სამოქალაქო საზოგადოება იმსახურებს.