ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, ახალი რეგულაციები შემოიღოს მიგრანტებისთვის, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობენ მექსიკიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან.
იმის გამო, რომ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც ტიტული 42-ის სახელითაა ცნობილი, 11 მაისს იწურება, ამერიკა საზღვრებთან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ ნაკადს ელოდება.
შეზღუდვები, რომლებიც პანდემიის გამო მოქმედებდა, აშშ-ს მიგრანტების შეკავების საშუალებას აძლევდა. აშშ ეცდება, ისინი უკვე ახალი ზომებით შეაჩერონ.
რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია
ადამიანებისთვის, რომლებიც ძალადობასა და სიღარიბეს გაურბიან, რათა აშშ-ს შეაფარონ თავი, დაკავების ცენტრები შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ გაიხსნება. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განმარტებით, ეს მათთვის იქნება სახიფათო მოგზაურობის ერთგვარი ალტერნატივის შეთავაზება.
მიგრანტების დაკავების ცენტრები პირველ ეტაპზე გაიხსნება გვატემალასა და კოლუმბიაში, ხოლო მოგვიანებით, აშშ-ის სხვა მეზობელ ქვეყნებშიც.
შეერთებული შტატები ასევე გეგმავს, რომ უფრო სწრაფად მოხდეს საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთა შემოწმება და მათი დეპორტაციაც, ვინც ვერ დაასაბუთებს, რომ საკუთარი ქვეყნიდან ძალადობას და გაუსაძლის პირობებს გაექცა. ამასთანავე, დაჯარიმდებიან ისინი, ვინც შეერთებული შტატების ტერიტორიაზე უკანონოდ შედიან.
ამავე დროს, ადმინისტრაცია ამბობს, რომ მიგრანტებმა და კონტრაბანდისტებმა, ვისაც ადამიანები საზღვრის მიმართულებით გადაჰყავთ, შეზღუდვების მოხსნა იმგვარად არ გაიგონ, რომ ქვეყანაში შესვლა იოლდება.
„ჩვენი საზღვარი არ არის ღია და არ გაიხსნება 11 მაისის შემდეგ”, – აფრთხილებს მიგრანტებს შეერთებული შტატები.
მიგრანტების დაკავების ცენტრები
აშშ მიგრაციის არაერთი ცენტრის გახსნას აპირებს მოსაზღვრე ქვეყანაში. პროცესი გვატემალადან და კოლუმბიიდან დაიწყება, სადაც ცენტრებს მართავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია და გაერო, რომელსაც ლტოლვილების დახმარება ევალება.
ცენტრებში პოტენციურ მიგრანტებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია შეერთებულ შტატებში მიგრაციის სხვადასხვა გზის შესახებ, როგორიცაა ლტოლვილის სტატუსის ან სამუშაო ნებართვის განაცხადის მიღება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თავშესაფრის მაძიებლებს ამ ცენტრებიდან მიიღებენ, თუმცა, რამდენს, კონკრეტულ რიცხვს არ უთითებს.
შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ გააორმაგებს ლტოლვილთა რაოდენობას ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან. კონკრეტული რიცხვი არც ამ შემთხვევაშია მითითებული.
უფრო ადრე შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ 2023 ფისკალური წლის განმავლობაში, მიიღებს 15 000 ლტოლვილს ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის ქვეყნებიდან.
უფრო მკაცრი და სწრაფი ჯარიმები
ბაიდენის ადმინისტრაცია ამბობს, რომ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც შეერთებული შტატების მიმართულებით სამხრეთ საზღვრის მხრიდან მიდიან, უფრო სწრაფად დაამუშავებს – რამდენიმე დღეში და არა კვირაში იმ მიზნით, რომ უკან სწრაფად გააბრუნონ ადამიანები, რომლებიც ვერ დაასაბუთებენ თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველს.
დეპორტირებულ პირებს აშშ-ში შესვლა ხუთი წლით აეკრძალებათ, განსხვავებით ტიტული 42-ისგან, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს ხელახლა შესვლის მცდელობაში ხელს არ უშლიდა (მიუხედავად ამისა, უფლებადამცველები იწუნებდნენ ტიტული 42-ს და აშშ-ის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომ ეს მექანიზმი საერთაშორისო კანონს არღვევდა).
ადმინისტრაცია ამბობს, რომ აპირებს გაზარდოს ფრენების რაოდენობა, რომლითაც მიგრანტებს აშშ-დან სახლში აგზავნიან.
არ მოხდება ოჯახების დაკავება
ადმინისტრაციას არ უთქვამს, რომ დააკავებდნენ ოჯახებს, რომლებიც საზღვარს უკანონოდ კვეთენ. მაგრამ განაცხადეს, რომ მონიტორინგს გაუწევდნენ ოჯახებს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკან გააბრუნებენ, თუკი აშშ-ში დარჩენას არ იმსახურებენ.
ადამიანის კონტრაბანდისტების წინააღმდეგ ბრძოლა
ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ გამკაცრდება ბრძოლა ქსელებთან, რომლებიც აშშ-ის საზღვრის მიმართულებით ადამიანების კონტრაბანდას ახორციელებენ.
მექსიკის საკითხი
მიგრაციის ცენტრები მექსიკაში აშშ-ს საშუალებას აძლევდა, სწრაფად გაებრუნებინა თავშესაფრის მაძიებლები სამხრეთის საზღვრიდან.
მიგრანტების ნაკადის მოსალოდნელი ზრდის წინ აშშ მოუწოდებს მექსიკას უფრო მკაცრი კონტროლისკენ, როგორიცაა მიგრანტების დაკავება და დეპორტაცია.
მექსიკის მთავრობამ დაკავებების გაძლიერება 2019 წელს დაიწყო ყოფილი პრეზიდენტის – დონალდ ტრამპის ზეწოლით. ექსპერტების თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაგრძო ეს ზეწოლა.
2022 წელს მექსიკამ დააკავა 444 000-ზე მეტი მიგრანტი, 44%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს. გასული წლის მონაცემებით, ფუნქციონირებდა დაკავების 57 ცენტრი, რომელიც 6800-ზე მეტ ადამიანზეა გათვლილი.
ბაიდენის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ მათ ნამდვილად სჭირდებათ მექსიკა, როგორც პარტნიორი მიგრანტების შეკავების საქმეში.
„შარშან ცენტრების ქმედებები სასტიკი იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები გაიზარდა“, – აღნიშნა იული როდრიგესმა მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) წევრმა, რომელიც თვალყურს ადევნებს მექსიკის მიგრაციის პოლიტიკას და მიგრანტების უფლებების დაცვის შესახებ იძლევა რეკომენდაციებს.
გასულ წელს მექსიკის საემიგრაციო ცენტრების წინააღმდეგ 2000-ზე მეტი საჩივარი შევიდა, რაც თითქმის 2-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით.
სავარაუდო დარღვევები მოიცავდა არაადეკვატურ ჯანდაცვას, უკანონო დაკავებას, სასტიკ მოპყრობასა და დაშინებას.
როგორ აფასებენ ახალ რეგულაციას უფლებადამცველები
მიგრანტების შეკავების ახალი ზომები იმიგრანტების უფლებების დამცველებმა გააკრიტიკეს. მათ არ მოსწონთ ბაიდენის მიერ თავშესაფრის ხელმისაწვდომობის გართულება. ამბობენ, რომ ეს დააჩქარებს მათ დეპორტაციას, რომლებიც ქვეყანაში არალეგალურად შესვლას ცდილობენ.
ასევე, აღნიშნავენ, რომ სასაზღვრო პოლიტიკის მოსალოდნელმა ცვლილებამ შესაძლოა, გაზარდოს თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების რაოდენობა მექსიკის მიგრანტების დაკავების ცენტრებში და გამოიწვიოს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევების ზრდა.
სხვები, მათ შორის მემარჯვენე ჯგუფები, რომლებიც ასევე აკრიტიკებენ ბაიდენის გეგმას, ამბობენ, რომ თავშესაფრის მაძიებლების უფრო სწრაფი „დამუშავება” იმას ნიშნავს, რომ ისინი უფრო სწრაფად შევლენ ქვეყანაში.
ამჯერად, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბაიდენი ცდილობს, მონახოს ბალანსი კანონის გამკაცრებასა და მიგრანტების უფლებების დაცვას შორის, რომლის მიღწევაც რთული იქნება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სასაზღვრო ობიექტებს მიგრანტების დიდი ნაკადი მიაწყდება.