მმართველობითი საბჭოს „სპეციალური ფუნქციები“ ექნება, კერძოდ, საინვესტიციო, რისკისა და შიდა აუდიტის ფუნქციები. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. პროექტის მიხედვით, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში – 2 თანამდებობრივი წევრი.
„კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.
მმართველობითი საბჭოს წევრების კანდიდატურების შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო), 1 დამოუკიდებელი წევრი (დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი).
მმართველობითი საბჭო ვალდებულია შექმნას შემდეგი კომიტეტები: საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და შიდა აუდიტის კომიტეტი.
- საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საპენსიო ფონდის და მისი ყველა საქმიანობის ზედამხედველს.
- განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება დაეკისრა „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება დაექვემდებარა მმართველობით საბჭოს.
- საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე;
- იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე;
ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებების გაზრდის შესაბამისად, გაიზრდება მისი თანამშრომლების რიცხვი.
კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არჩეული წევრების დანიშვნა.