Google ადასტურებს, რომ თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტით ანაცვლებს.
კომპანიამ განაცხადა, რომ რამდენიმე ასეული პოზიცია გააუქმა სარეკლამო გაყიდვების მიმართულებით და მათ ხელოვნური ინტელექტით (AI) ჩაანაცვლებს „ეფექტურობისა და კრეატიულობისთვის“.
Google-მა წინა კვირას ისაუბრა ახალი AI ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც კომპანიას დაეხმარება ონლაინშოპინგის პერსონალიზაციასა და ოპერაციების მოდერნიზებაში.
კომპანია მიუთითებს კვლევის შედეგებზე, რომელმაც აჩვენა, რომ აშშ-ის საცალო ვაჭრობის სექტორის დაახლოებით 80% თავიანთ ოპერაციებში AI-ის გამოყენებას ემხრობა.
გასულ წელს, ინფლაციისა და მზარდი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, Google-მა დაახლოებით 12,000 თანამშრომელი გაათავისუფლა, რაც მისი მუშახელის დაახლოებით 6%-ია.
კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი AI ინსტრუმენტები მყიდველებს გაუწევენ დახმარებას და მისცემენ რეკომენდაციებს. გარდა ამისა, ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ პროდუქტის ფოტოების გასაანალიზებლად მისი აღწერილობების შესაქმნელად, რაც ხელს შეუწყობს ძებნის პროცესს.
Google-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდარ პიჩაიმ თქვა, რომ შემცირებები წელსაც გაგრძელდება.
გასული წლის 2 მაისს Google დატოვა კომპიუტერულმა მეცნიერმა ჯეფრი ჰინტონმა, რომელსაც „ხელოვნური ინტელექტის ნათლიას“ უწოდებენ.
ჰინტონმა თქვა, რომ AI-ის გაფართოება ქმნის რისკებს საზოგადოებისა და კაცობრიობისთვის, საფრთხეს უქმნის დასაქმებას და ავრცელებს დეზინფორმაციას.