გაზრდილი ტურიზმი და მეტი ვალუტა
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის თქმით, დეკემბრის წმინდა სავალუტო შემოდინებები კვლავ გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებებით, ეს ძირითადად ტრადიციული ტურიზმის მატებით იყო გამოწვეული, ამავდროულად, მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ, როგორც ჩანს, კვლავ შემცირდა.
გაზრდილი დეპოზიტები ლარში
მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ე.წ. ლარის სეზონური გაუფასურების მოლოდინები ბოლოდროინდელი გარკვეული გამყარების გამო შეიცვალა. ამას თქმის საფუძველს იძლევა იანვრის დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკაც.
კერძოდ, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, იანვარში დეკემბერთან მიმართებით ლარის დეპოზიტების ზრდა უფრო მაღალია უცხოურ ვალუტასთან შედარებით. მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ეს ხშირად, მოლოდინების საკმაოდ აკურატული საზომია.
ამ ფონზე, უნდა ველოდოთ თუ არა ლარის დამატებით გამყარებას? ამ მხრივ, სავალუტო შემოდინებებსა და სენტიმენტებთან ერთად, თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩოს კიდევ დამატებით 2 კომპონენტია გასათვალისწინებელი. კერძოდ, დაბალი ინფლაცია და ბოლო პერიოდში საკმაოდ გამყარებული ლარის საშუალო კურსი, რაც ზოგიერთი ინდუსტრიისათვის კონკურენტუნარიანობის კუთხით, შესაძლოა, მხოლოდ გარკვეულ, მაგრამ მაინც გამოწვევას წარმოადგენს.
ამდენად, მართალია, ეროვნული ბანკის დეკემბრისა და იანვრის სავალუტო ინტერვენციების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არაა ხელმისაწვდომი, თუმცა ვფიქრობთ, რომ სექტემბერ-ნოემბერში $169.4 მილიონის გაყიდვის შემდეგ, კვლავ აშშ დოლარის შესყიდვის მიმართულებით ინტერვენციები უფრო მოსალოდნელია, ვიდრე ლარის მატერიალური გამყარება.
თავისთავად, როგორც ყოველთვის, ბევრია დამოკიდებული ევროსა და სხვა რეგიონული ვალუტების დინამიკაზე.
ამ მხრივ, აღსანიშნავია თურქული ლირის დამატებით დასუსტება და ამავდროულად, რუსული რუბლის გამყარება.
მთლიანობაში, ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში ლარის საშუალო გაცვლითი კურსის არსებითი ცვლილება არ იკვეთება.