Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2023 წლის აგვისტოში თბილისში 3,552 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 9.3%-იანი და თვიურად 2.8%-იანი კლებაა.
2023 წლის აგვისტოში წლიური გაყიდვები თბილისის თითქმის ყველა უბანში შემცირდა. ზრდა მხოლოდ დიდი დიღმის (+17.8% წ/წ) და ნაძალადევის (+26.6% წ/წ) რაიონებში დაფიქსირდა.
2023 წლის აგვისტოში თბილისში გაყიდული ბინების საერთო საბაზრო მოცულობამ $257.2 მლნ შეადგინა, რაც წლიურად 9.7%-იანი ზრდაა და ძირითადად გამოწვეული იყო პირველადი ბაზრის ზომის მნიშვნელოვანი ზრდით (+28.5% წ/წ). ეს უკანასკნელი პირველადი ბაზრის ბინებზე ფასების მკვეთრი მატების შედეგი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით:
- პირველადი ბაზრის პროექტები +39.4%
- მეორადი ბაზრის ახალი პროექტები (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული
უძრავი ქონება 2013 წლის შემდეგ გაცემული სამშენებლო ნებართვით აშენებულ
პროექტებში) +23.7% - მეორადი ბაზრის ძველი პროექტები (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული
უძრავი ქონება 2013 წლამდე გაცემული სამშენებლო ნებართვით აშენებულ პროექტებში) +15.3%
ფასები პირველად ბაზარზე მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება, რასაც ასევე ხელს უწყობს დეველოპერების მხრიდან გადახდის მოქნილი სქემების შეთავაზება.
ამასთან, მეორად ბაზარზე (ინდივიდუალური მესაკუთრის მიერ გაყიდული
უძრავი ქონება 2013 წლის შემდეგ გაცემული სამშენებლო ნებართვით აშენებულ
პროექტებში) ფასები ოდნავ შემცირდა თვიურად აგვისტოში ივლისთან შედარებით (ზრდა გრძელდება წლიურ ჭრილში), რადგან მოთხოვნა შესუსტდა ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირების გამო.
მნიშვნელოვანია, რომ პირველად ბაზარზე გაყიდვების ბევრად ნაკლები შემცირება დაფიქსირდა, ვიდრე მეორადზე (-1.7% წ/წ და -14.6% წ/წ, შესაბამისად). ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს ქირის ბაზრის მიმზიდველობის შემცირებაზე, რადგან უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა მიგრანტებისგან, რაც გასულ წელს ქირის მკვეთრი ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2 ) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801-1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია გაზრდილი ფასებით.