2023 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მოსახლეთა რაოდენობა 3.1%-ით შემცირდა და შეადგინა 376,6 ათასი მოსახლე, მაშინ, როდესაც არამაღალმთიანი დასახლებების მოსახლეობა 0.79%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-30 წლების სტრატეგიაში”.
ამასთან, მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მკვიდრთა წილი ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში შემცირებულია 0,36%-ით და შეადგენს 10.8%-ს.
არის რეგიონები, სადაც მოსახლეობის მატება დაფიქსირდა, ასეთია ქვემო ქართლის (8%), მცხეთა-მთიანეთის (4%) და აჭარის (5.4%) მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები. ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ყველაზე მეტად არის შემცირებული.
2015 წლიდან საქართველოს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ცოცხლად დაბადებულთა რიცხვის კლება შეინიშნება, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი არამაღალმთიან მუნიციპალიტეტებში უფრო შემცირებულია.
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებთა რაოდენობა რეგიონულ ჭრილში:
მაღალმთიან რეგიონებში შემცირებულია მოსახლეობის სიმჭიდროვეც.
ბოლო 5 წლის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე შემცირდა 6 ადამიანით, 366-დან 360 ადამიანამდე.
რაც შეეხება თბილისის და არამაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას, გაიზარდა 0.47%-ით, რადგან თბილისში მაღალია როგორც შიდა, ისე გარე მიგრაცია და მისი მოსახლეობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამდენად, მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის შემცირება ქვეყანაში საერთო მიგრაციულ პროცესებს უკავშირდება და მისი ნაწილია.