Starlink-ის სატელიტური ქსელის „გარკვეული აღჭურვილობა და სერვისი” აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მოექცა. ამის შესახებ უოლტერ ისააკსონმა, ილონ მასკის ბიოგრაფმა თქვა.
როგორც ისააკსონი განმარტავს, ამით მასკს დისტანცირება სურს უკრაინის ომისგან, იმის შიშით, რომ SpaceX-ის ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს.
„რატომ ვარ ამ ომში? მე შევქმენი Starlink, რათა ხალხს შეეძლოს დასვენება, ფილმების ყურება Netflix-ზე და ვიდეო თამაშები. მე არ მინდოდა ისეთი რამ შემქმნა, რამაც შეიძლება ბირთვული ომი გამოიწვიოს“, – ციტირებს ბიოგრაფი მასკის სიტყვებს.
ცნობისთვის, ბიზნესმენის ახალ ბიოგრაფიაში, რომელიც ისააკსონმა დაწერა, ნათქვამია, რომ მასკმა გასულ წელს ყირიმთან ახლოს Starlink-ის გათიშვის ბრძანება გასცა, რათა ჩაეშალა უკრაინის თავდასხმა რუსეთის საზღვაო ძალებზე. მასკი, სავარაუდოდ, შიშობდა, რომ რუსეთი ამ თავდასხმას ბირთვული იარაღით უპასუხებდა.
მოგვიანებით, მილიარდერმა თქვა, რომ მას ასეთი დავალება თავისი სპეციალისტებისთვის არ მიუცია, რადგან Starlink იქ არ მუშაობდა.
რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა გამოძიების ჩატარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც მასკმა აღიარა, რომ მან დაბლოკა უკრაინის წვდომა Starlink-ზე, რათა აეცილებინა თავდასხმა რუსეთის სამხედრო ხომალდებზე ანექსირებული ყირიმის სანაპიროებთან.