მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში ბოლო გემი ოდესის პორტიდან გუშინ გაემგზავრა. შეთანხმების მოქმედების ვადა ხვალ ამოიწურება.
თურქულმა გადამზიდმა ნიდერლანდებს 40 ათასი ტონა მარცვლეული უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ Reuters წერს.
ივნისის ბოლოდან რუსებმა სრულიად შეწყვიტეს უკრაინის პორტებში ჩასატვირთად მიმავალი ახალი გემების შემოწმება.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი დაითანხმა მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებაზე, რომელიც უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტის საშუალებას იძლევა.
თავის მხრივ, კრემლმა უარყო მსგავსი შეთანხმება, ხოლო პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები არ სრულდება, რომელსაც ის შეთანხმების გაგრძელების სანაცვლოდ აყენებს.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა შესთავაზა პუტინს შეთანხმების გახანგრძლივება როსელხოზბანკის შვილობილი კომპანიის SWIFT-ის სისტემაში ჩართვის სანაცვლოდ.
თეთრი სახლის გაფრთხილება რუსეთს
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ 17 ივლისიდან მარცვლეულის შეთანხმება არ გაგრძელდება, მას „უზარმაზარი დიპლომატიური ხარჯი“ ემუქრება.
„თუ რუსეთის ხელისუფლება არ გაახანგრძლივებს მარცვლეულის შეთანხმებას, დანარჩენი მსოფლიო დაინახავს, რომ რუსეთმა უარი თქვა აფრიკის, ლათინური ამერიკისა და აზიის ქვეყნებისთვის მათთვის საჭირო საკვებით ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებაზე. სამომავლოდ ეს რუსეთს უზარმაზარი დიპლომატიური ხარჯებით ემუქრება”, – აღნიშნა აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა CBS–თან ინტერვიუში.
„ეს არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც ვლადიმერ პუტინს მოუწევს“, – თქვა მან და დასძინა, რომ შეერთებული შტატები მზადაა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის და მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინელებთან.
გარიგების ფარგლებში, მარცვლეული რუსეთის მიერ ოკუპირებული, უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან თურქეთის გავლით გადიოდა. შეთანხმება 2022 წლის ივლისში დაიდო და ბოლოს 2023 წლის 17 მაისს ორი თვით გაგრძელდა.
რუსეთი არაერთ პირობას აყენებს გარიგების გაგრძელებისთვის, მათ შორის როსელხოზბანკის დაკავშირებას SWIFT-ის სისტემასთან.