თურქეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების ბოსფორისკენ უსაფრთხოდ გაყვანას. თუ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას დატოვებს, დერეფნის უსაფრთხოებას თურქეთის საზღვაო ფლოტი დაიცავს.
„ჩვენ მივიღეთ დადასტურება თურქეთისგან, რომ ისინი მზად არიან მათი საზღვაო ძალების დახმარებით, უზრუნველყონ დერეფნის გასწვრივ გემების გავლა“, – განაცხადა უკრაინის აგრარული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დენის მარჩუკმა.
მარცვლეულის შეთანხმების საკითხი უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებმა გასულ კვირას სტამბულში შეხვედრის დროს განიხილეს.
„ჩვენ ვმუშაობთ შეთანხმების გახანგრძლივებაზე. იმედი გვაქვს, რომ ის სამ თვეში ერთხელ მაინც გაგრძელდება და არა ორ თვეში ერთხელ“, – განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მარცვლეულის შეთანხმებას ვადა 17 ივლისს ეწურება და რუსეთი იმუქრება, რომ დატოვებს ხელშეკრულებას, რადგან მისი მოთხოვნა სასუქისა და ამიაკის ექსპორტის აღდგენის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
უკრაინაში მიაჩნიათ, რომ „დერეფანი“ სრულყოფილად ვერ იმუშავებს ვერც ივლისში და ვერც აგვისტოში, რადგან ერდოღანის შეხვედრა პუტინთან აგვისტოში იგეგმება.
მარცვლეულის შეთანხმება რუსეთს, უკრაინას და თურქეთს შორის, გაეროს შუამავლობით გაფორმდა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ ყველა გემს რუსული, უკრაინელი, თურქი და გაეროს ოფიციალური პირების ერთობლივი გუნდი ამოწმებს.